იოჰან კრუიფს ფილტვის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს
ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელ იოჰან კრუიფს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაციას ამსტერდამის “აიაქსი” ოფიციალურად ადასტურებს.
დღეს ეს ცნობა ესპანურ პრესაში გავრცელდა, რის შემდეგაც “აიაქსის” დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა კლუბის ოფიციალური ვებგვერდისთვის შემდეგი კომენტარი გააკეთა:
“კრუიფის აგენტს დავუკავშირდით, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ იოჰანს მართლაც აქვს ფილტვის სიმსივნე. ეს დიაგნოზი სულ ახლახან დაუსვეს, ამიტომ მეტი ინფორმაცია არ გვაქვს. კლუბის სახელით იოჰანსა და მის ოჯახს დიდ ძალას და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”.
იოჰან კრუიფი 68 წლის გახლავთ. იგი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. კრუიფს სამჯერ აქვს მოგებული “ოქროს ბურთი” — 1971, 1973 და 1974 წლებში.
კრუიფმა “აიაქსის” შემადგენლობაში რვაჯერ მოიგო ჰოლანდიის ჩემპიონატი, სამჯერ ჩემპიონთა თასი, “ბარსელონას” რიგებში ერთხელ დაეუფლა ესპანეთის ჩემპიონატის ტიტულს, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად კი 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიგო.
მოთამაშის კარიერის შემდეგ ხელი სამწვრთნელო მუშაობას მიჰყო. წვრთნიდა “აიაქსსა” და “ბარსელონას”. კატალონიურ გუნდთან ერთად ოთხჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ერთხელ ჩემპიონთა თასსაც დაეუფლა.
იოჰან კრუიფი აქტიური მწეველი გახლდათ. ჰოლანდიელი დღეში 20 ღერ სიგარეტს ეწეოდა. 1991 წელს გულის ოპერაცია გაუკეთეს, რის შემდეგაც მოწევას თავი დაანება.
კრუიფის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა:
“ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, თამბაქომ კი თითქმის ყველაფერი წამართვა”.