იოზილი: “მესუთ იოზილი ვარ და ჯერ არ დამისრულებია”
ლონდონის “არსენალის” გერმანელი ვარსკვლავი მესუთ იოზილი დანებებას არ აპირებს. ნაკრებსა და “მეთოფეთა” რიგებში არასახარბიელო ასპარეზობის გამო მას კრიტიკის ქარიშხალი დაატყდა თავს, თუმცაღა აცხადებს, რომ ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის.
“ფანები მოსვლის დღიდან გვერდში მიდგანან, ხუთი წელია მგულშემატკივრობენ და სწორედ ეს მაძლევს ძალას, ვითამაშო ისე, როგორც მინდა. მიყვარს, როდესაც თამაშს ვაკონტროლებ, თანაგუნდელებს ვეხმარები და საგოლე გადაცემებს ვაკეთებ.
ჩემს პოზიციაზე თამაშისას ძალიან ბევრი შანსი გეძლევა წინ წასვლის, ბურთის მოთხოვნისა და გოლის გატანის. ბევრჯერ უთქვამთ, რომ დენის ბერგკამპი ასე თამაშობდა. რა თქმა უნდა, ვამაყობ, მას რომ მადარებენ, ის ნამდვილი ლეგენდაა.
ყველაფრის მიუხედავად, არ მინდა ვინმეს მადარებდნენ. მე ჩემი სტილი მაქვს და ბავშვობიდან ასე ვთამაშობ. მესუთ იოზილი ვარ და ჯერ არ დამისრულებია,” – აცხადებს გერმანელი ფეხბურთელი.