იოზილმა “არსენალის” თილისმის ხელფასის დაფარვა საკუთარ თავზე აიღო
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ლონდონის “არსენალმა” ორი ამბავი გამოაცხადა – ერთი კარგი, მეორე ცუდი. კარგი ის იყო, რომ “მეთოფეებმა” მადრიდის “ატლეტიკოსგან” ტომას პარტეი შეიძინეს. რაც შეეხება ცუდ ამბავს, “არსენალმა” გადაწყვიტა, რომ ქომაგების გარეშე დარჩენილ სტადიონზე კლუბის თილისმის მუშაობა ზედმეტი ხარჯი იქნებოდა და განერზავრი (“არსენალის” თილისმა) შემცირებაში მოაყოლა. განერზავრის კოსტიუმით 27 წლის განმავლობაში ჯერი ქუი მუშაობდა.
ამ ამბავს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება, ძირითადად კი უარყოფითი შეფასებები მოყვა.
განერზავრის გათავისუფლების ამბავმა მესუთ იოზილიც დაამწუხრა, თან იმდენად, რომ მისი შესანარჩუნებლად მზადაა, ჯერი ქუის ხელფასი მთლიანად დაფაროს.
“ძალიან დამამწუხრა 27 წლიანი პერიოდის შემდეგ ჯერი ქუის ანუ ჩვენი ცნობილი და ერთგული თილისმის გათავისუფლების ამბავმა. იმდენად დამამწუხრა, რომ “არსენალს” ვთავაზობ, ჩვენი მწვანე ბიჭის ხელფასს მთლიანად მე დავფარავ მანამ, სანამ “არსენალის” ფეხბურთელი ვიქნები. ასე რომ, ჯერის იმ საქმის გაგრძელების საშუალება ექნება, რომელიც ასე ძალიან უყვარს”, – დაწერა იოზილმა სოციალურ ქსელში.