იოზუა კიმიხმა განმარტა, თუ რატომ ამბობს უარს ვაქცინაციაზე
მიუნხენის “ბაიერნის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ კოვიდ-19-ის ვაქცინით აცრილი არ არის. კიმიხის ამ განცხადებამ დიდი გაუგებრობა გამოიწვია ფანებში.
საქმე ის გახლავთ, რომ სწორედ იოზუა კიმიხის დახმარებით კამპანია “WeKickCorona”-მ 6 მილიონ ფუნტზე მეტი შეაგროვა პანდემიის დასასრულებლად. კიმიხმა და ლეონ გორეცკამ ამ ფონდში 436 000 ფუნტი გადარიცხეს.
იოზუა კიმიხი ერთ-ერთია “ბაიერნის” იმ ხუთ ფეხბურთელს შორის, რომელმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადა. ამ ინფორმაციას Bild ადასტურებს.
“რატომ არ ვარ აცრილი? არ ვარ დარწმუნებული, რომ კვლევები საკმარისად გრძელვადიანი იყო. რა თქმა უნდა, ჩემ პასუხისმგებლობებს სრულად ვიაზრებ და ჰიგიენისთვის საჭირო ყველა ზომას ვიღებ. ყოველ ორ-სამ დღეში ტესტირებებს ვიტარებ.
მე არც კოვიდის უარმყოფელი ვარ და არც ანტივაქსერი. არც იმას ვამბობ, რომ არასდროს არ ავიცრები. გადაწყვეტილება ყველამ ინდივიდუალურად უნდა მიიღოს,” – აცხადებს კიმიხი.