ირაკლი აბუსერიძე: წართმეულ რეკორდზე სინანულის გრძნობა არ მაქვს
მსოფლიო თასის ვებგვერდზე ინტერვიუ გამოჩნდა საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ირაკლი აბუსერიძესთან, რომელიც ამაყია იმით, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე მისი სანაკრებო კეპების რაოდენობის რეკორდი მოიხსნა.
2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით აბუსერიძემ სამ მსოფლიო თასზე იასპარეზა და 85 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. წლევანდელ ტურნირზე მისი რეკორდი მერაბ კვირიკაშვილმა მოხსნა და ტონგას წინააღმდეგ გამართული მატჩით 86 კეპი მოიხვეჭა.
აბუ ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორია და ინგლისი 2015-ზე ბორჯღალოსნების დელეგაციის ერთ-ერთ წევრია. აბუსერიძე ასევე თბილისის საკრებულოს წევრია და სპორტულ კომიტეტში მოღვაწეობს.
ირაკლი აბუსერიძე:
– პოლიტიკა მიყვარს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ რაგბი მირჩევნია. ჩემი საქმიანობა თბილისის მასშტაბით სპორტის განვითარებას ეხება, რაშიც მხოლოდ რაგბი არ მოიაზრება. თუ ქართველები სხვა სპორტშიც ასეთივე წარმატებულები ვიქნებით, ეს ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება.
– თქვენი სანაკრებო კეპების რაოდენობა ამ მსოფლიო თასზე მოხსნეს…
– საერთოდ არ მაქვს სინანულის გრძნობა, პირიქით, ვამაყობ ამით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები მალე 100-ზე მეტ კეპსაც მოიპოვებენ.
– საქართველოში რაგბი ფეხბურთს პოპულარობას ართმევს?
– ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად რაგბმა პოპულარობით ფეხბურთს გადაასწრო. აქამდე ფეხბურთი პირველ ადგილზე იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წარმატება რაგბში გაცილებით მეტი გვაქვს, ქართველები დღესდღეობით რაგბით უფრო გატაცებულები არიან, ვიდრე ფეხბურთით. მთავრობაც უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მხრივ და ფინანსურადაც ძალიან გვეხმარება, რადგანაც რაგბის კავშირის ძალისხმევა აშკარაა და ყველა ხედავს, რომ დღეს საქართველოში რაგბი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტია. რაგბის თამაში, რომ დავიწყე ერთი სარაგბო მოედანიც კი არ იყო ქვეყანაში, ფეხბურთის სტადიონზე სავარჯიშოდ ნებართვის აღება გვიწევდა, სხვა შემთხვევაში გრუნტიანი ზედაპირის ან ხრეშის მოედანზე ვვარჯიშობდით, რომელიც ბეტონზე უარესი იყო.
– ამ კუთხით ახლა როგორ არის საქმე საქართველოში?
– ბოლო დროს აქტიური ინვესტირებით ქართული რაგბის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი სარაგბო სტადიონებისა და ბაზების მშენებლობა დაიწყო. უახლოესი 2 წლის განმავლობაში კიდევ 7-8 სტადიონის მშენებლობა იგეგმება. ნაკრების მორაგბეთა უმრავლესობა საზღვარგარეთ თამაშობს, ძირითადად საფრანგეთის პირველი სამი ეშელონის გუნდებში. საფრანგეთში თამაში ჩვენს მორაგბეებს განვითარების მხრივ ძალიან დაეხმარა. ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატი ფედერალ 1-ის დონეზე ავიდეს. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.