ირაკლი ბუღრიძე: “მთავარი მატჩები შვეიცარიაში იწყება”
21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიხტენშტაინი 4-0, აზერბაიჯანი კი 0-3 დაამარცხა და ჯგუფს ლიდერობს. 7 გოლიდან 2 ირაკლი ბუღრიძის ანგარიშზეა, რომელიც ორივე მატჩში შეცვლაზე შემოვიდა და როგორც ყოველთვის, შედეგიანად.
“ნაკრების ბოლო ორ მატჩს, რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ. მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო 6 ქულის აღება, რაც მოვახერხეთ და ძალიან გახარებულები ვართ. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ბელგიაში უთამაშებლობის გამო, დიდი ხანი გოლი არ მქონდა გატანილი და ამ სანაკრებო შეკრებაზე 2 გოლის და 1 საგოლე პასის გაკეთება მოვახერხე და ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება კლუბში ჩემი ადგილის დამკვიდრებაში.”
“ამ დროისთვის ჯგუფის ლიდერები ვართ, მაგრამ მთავარი მატჩები ერთი თვის შემდეგ შვეიცარიაში იწყება, რომლებიც ვფიქრობ გადამწყვეტია, რადგან ამ ჯგუფში შვეიცარია და საფრანგეთი არიან ჩვენი კონკურენტები ჯგუფიდან გასვლაში. შვეიცარიაში თუ სასურველ შედეგს მივაღწევთ, ვფიქრობ რომ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ ევროპის ჩემპიონატისკენ”, – განუცხადა ბუღრიძემ Fanebi.com-ს.
შვეიცარიასთან ჩვენი ბიჭები 11 ოქტომბერს ითამაშებენ.