ირაკლი მაჩხანელი: “ლევან მაისაშვილმა შედეგი ვერ დაგვანახა”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ირაკლი მაჩხანელმა შემოდგომის ერთა თასზე “ბორჯღალოსნების” გამოსვლა შეაფასა და მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილზე ისაუბრა.
“ეს ტურნირი უკვალოდ არ ჩაივლის, გამოგვადგება. როგორც მოთამაშეს სჭირდება ფორმაში ყოფნა, ისე სჭირდება ეს მწვრთნელსაც. თამაში არის მწვრთნელის გამოცდა. ლევან მაისაშვილი კარგი მწვრთნელია, ოთხჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. მას სამი გამოცდა ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატის ჩათვლით. პირველი – 2016 წელს იაპონიასთან, მე-10 ადგილზე გადავიდოდით, რომ მოგვეგო, აქ გვქონდა თამაში, წავაგეთ ბოლო წუთებში. მეორე გამოცდა იყო იტალიასთან, ისიც წავაგეთ. მესამე გამოცდა – შევთანხმდეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ჩაგვივარდა.
ამის შემდეგ, წარმოიდგინეთ, ვუშვებთ უფრო რთულ გამოცდაზე, რვა ერზე. ხდება ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რაღაცებიც. მე იმას არ ვამბობ, რომ უნდა გაგვეშვა, მაგრამ რვა ერშიც შედეგი ვერ ვნახეთ. ჯერ-ჯერობით, ლევან მაისაშვილმა ჩვენ შედეგი ვერ დაგვანახა. მნიშვნელოვანი თამაში ვერ მოგვაგებინა. შეიძლება, კიდევ ერთ გამოცდაზე გავუშვათ, მაგრამ მწვრთნელთან მიმართებაში კულტურა უნდა შევიმუშავოთ. უნდა დავუსახოთ მიზანი, როდის დადებს ის შედეგს.
შოტლანდიიდან ფიჯიმდე, ჩემთვის პროგრესი მხოლოდ ანგარიშშია. მე თამაშის ტაქტიკაში პროგრესი ვერ ვნახე, დერეფანში პრობლემები გვქონდა. შერკინებაში, რაც ჩვენი მთავარი იარაღი იყო, ვერ ვიტყვით, რომ ისევ ისე ვართ. ჩემი გადმოსახედიდან, პროგრესი არ გვაქვს და რვა ერში ჩვენ თამაშს დადებითად ვერ შევაფასებ”, – განაცხადა მაჩხანელმა ტელეკომპანია იმედის ეთერში.