ირაკლი მოდებაძე: „მსურს „დილასთან“ ერთად ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო“
გორის ,,დილას’’ პრესცენტრის მიერ, გუნდის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წამოწყებულ რუბრიკას სახელწოდებით ,,დაუსვი კითხვა დილას ფეხბურთელს’’ სოციალურ ქსელში გულშემატკივარი აქტიურად გამოეხმაურა. რუბრიკის მიზანს ფეხბურთელებსა და გულშემატკივარს შორის მჭიდრო და უშუალო კომუნიკაციის ჩამოყალიბება წარმოადგენს.
კითხვა ,,დილას’’ ფეისბუქ გვერდზე ათობით გულშემატკივარმა დასვა, საიდანაც ყველაზე მეტი, ცხრა კითხვა ,,დილას’’ ფორვარდის, ირაკლი მოდებაძის მიმართ იქნა დასმული. ამრიგად, გულშემატკივრის უმრავლესობის ინტერესის შესაბამისად, დღეს კითხვებს სწორედ ჩვენი გუნდის თავდამსხმელი ირაკლი მოდებაძე პასუხობს.
„პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს გულშემატკივარს, რომელიც არამარტო ჩემს მიმართ, არამედ ყველა ჩვენთანაგანის მიმართ იჩენს დიდ ინტერესს. მე კი დიდი სიამოვნებით გავცემ მათ კითხვებს პასუხს.“
რვა გოლი დაგიგროვდათ უკვე მიმდინარე სეზონში და 2 ბურთით მხოლოდ ჯაბა დვალი გისწრებთ. მაინტერესებს რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ბომბარდირობა და საჭირო რომ გახდეს, შეასრულებთ თუ არა თერთმეტმეტრიანებს ამ ჯილდოს მოსაპოვებლად?
„რაც შეეხება პირველ კითხვას, თერთმეტმეტრიანებს გამოვიყენებ არამარტო პირადი მიღწევისთვსის, არამედ პირველ რიგში გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე.“
ყველა გოლი გასახარია და მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინტერესებს ამ სეზონში გატანილი გოლებიდან რომელს გამოარჩევდით ?
„ჩემთვის ყველა გოლი გამორჩეულია, რადგან თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია. მახსენდება „სიონთან“ შეხვედრაში ჩემს იუბილეზე გატანილი გოლი. ამ დოს გულშემატკივრებმა კარგი ფორმით მომილოცეს დაბადების დღე და ორმაგად მინდოდა იმ მატჩში გოლების გატანა, რომელიც ჩვენი გუნდის ქომაგებს მივუძღვენი.“
„დილადან“ გადასვლის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე რომელ კლუბში ისურვებდით თამაშს ყველაზე მეტად?
„დილადან“ გადასვლას არ ვისურვებდი. ამ კლუბში ბედნიერად ვგრძნობ თავს და მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი კარგად არის.“
რომელ კლუბს გამოარჩევდით ევროპაში და რომელი ფეხბურთელია თქვენთვის მისაბაძი?
„ევროპაში თამაშის სტილით „ბარსელონას“ გამოვარჩევდი, თუმცა ბარსას გულშემატკივარი არ გახლავართ. მე ამ გუნდის გზა და საფეხბურთო ფილოსოფია მომწონს. მისაბაძი ფეხბურთელი პორტუგალიელი რონალდუა, კრიშტიანუ წარმატებისთვის ძალიან ბევრს შრომობს და ჩემი აზრით, უფრო მრავალფუნქციური ფეხბურთელია.“
რას ნიშნავს თქვენთვის გორის „დილა“?
„გორის „დილა“ ამ კლუბში გადმოსვლისთანავე შემიყვარდა და ვიტყვი, რომ კლუბი ჩემს მეორე ოჯახად იქცა. ამ გუნდთან ძალიან ბევრი ემოცია და დაუვიწყარი მომენტები მაკავშირებს.“
რა არის თქვენი მთავარი მიზანი საფეხბურთო კარიერაში?
„ჩემი მთავარი მიზანი გუნდურ ტიტულებს უკავშირდება. მსურს, რომ ,,დილასთან’’ ერთად ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ჯგუფურ ეტაპზე ვითამაშო.“
რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით ,,დილაში’’ იუმორის გრძნობით?!
გუნდში ყველაზე ხუმარა ფეხბურთელი გიორგი სომხიშვილია.
რით გამოარჩევთ გორის „დილას“ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე კლუბებისგან?
„დღევანდელი „დილა“ ალბათ ყველაზე შეკრული, კარგად შეთამაშებული და შეტევით სტილზე ორიენტირებული კლუბია. შედეგთან ერთად ჩვენ სანახაობრივ ფეხბურთზეც ვართ ორიენტირებული.“
მოგვიყევით თქვენი კარიერის პირველი ნაბიჯების, საბავშვო ფეხბურთისა და პირველი კლუბის შესახებ?!
„პირველი ნაბიჯები თბილისის „დინამოს“ ბავშვთა საფეხბურთო სკოლას უკავშირდება, სადაც 5 წელი საშა ვაშაკიძესთან გავიარე. რაც შეეხება პროფესიულ ფეხბურთს, პირველი კლუბი უკრაინული ზაპოროჟიეს ,,მეტალურგი’’ გახლდათ, სადაც 7 წლის განმავლობაში ვთამაშობდი.
და ბოლოს მინდა, რომ გორელ გულშემატკივარს გორის ,,დილას’’ წინსვლისა და წარმატების იმედი ჰქონდეს. ნამდვილად არ გახლავთ ოცნება ,,დილას’’ ევროპული შანსები. მეტიც, მე ვიფქრობ გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს.“
„დილას“ პრესსამსახური