ირანელი ძალოსანი საინტერესო განცხადებას აკეთებს
ირანელმა ძალოსანმა, ბეჰდად სალიმიმ ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და რიოში ტიტულის დაცვას ეცდება. მიუხედავად გარკვეული ჩავარდნისა, 26 წლის სპორტსმენი კარგ ფორმაში შევიდა და ტურნირის მთავარ ფავორიტად ითვლება.
სალიმიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მთავარი კონკურენტი ქართველი ლაშა ტალახაძე იქნება.
“შესანიშნავად მოვემზადე ოლიმპიადისთვის. ბოლო თვეებში კარგად ვივარჯიშე და ჩემი გარჯით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. საინტერესო შეჯიბრება უნდა გამოვიდეს.”
“ზუსტად ვერ გეტყვით, რა მოხდება, მაგრამ, ჩემს გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ წარმატებისთვის და ტიტულის დაცვისთვის.”
“პაექრობა მომიწევს რამდენიმე ახალ კონკურენტთან, რომლებიც სომხეთს, საქართველოსა და ესტონეთს წარმოადგენენ. ისინი ძალიან ძლიერი სპორტსმენები არიან და, შესაბამისად, ჩემთვის მიზნის მიღწევა არც ისე იოლი იქნება. გეტყვით, რომ უმთავრეს ოპონენტად ლაშა ტალახაძეს მივიჩნევ,” – განაცხადა ირანელმა ძალოსანმა.