ირანელი მცველი: “დიეგო კოშტამ დედაჩემსა და ჩემს დას შეურაცხყოფა მიაყენა”
ირანის ნაკრების მცველმა, მორტეზმა პურალიგანჯიმ განაცხადა, რომ ესპანეთთან მატჩის მიმდინარეობისას დიეგო კოშტა მას შეურაცხყოფას აყენებდა.
“იქამდე, სანამ დიეგო კოსტას შეცვლიდნენ, მან ბევრი საშინელი რამ მითხრა. ის ჩემს ოჯახს შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ მომენტში, კოშტა შემოტრიალდა, თვალებში შემომხედა და ჩემს დასა და დედაჩემს შეურაცხყოფა მიაყენა.
მას გამოუცდელი ფეხბურთელი ვეგონა და ფიქრობდა, რომ პროვოკაციას ავყვებოდი, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნე და თამაშზე კონცენტრაცია შევძელი. ყველაფერი, რაც აქამდე მის შესახებ გამიგია, მართალი ყოფილა. ის ნებისმიერ ადამიანს შეაგინებს მაშინ, როცა მოუნდება, ხოლო როდესაც მსაჯი მასთან ახლოს მივა, ჩუმდება”, – განაცხადა ირანელმა მცველმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა ირანი 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი კი სწორედ კოშტამ გაიტანა.