ის, რაც აქამდე ნანახი არ გაქვთ – რა ხდება ეროვნულ ლიგაში?
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი, ალბათ, ყველაზე გამორჩეულია.
საქართველოს ჩემპიონატში სათამაშოდ ნაკრების ლიდერები, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და საბა კვირკველია დაბრუნდნენ.
ქუთაისის “ტორპედომ” გიორგი არაბიძე და გიორგი პაპუნაშვილი დაიმატა. არაბიძის სანაცვლოდ კი 200 ათასი ევრო გადაიხადა. მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ჯერ გინების გამო დისკვალიფიკაცია მიიღო, შემდეგ კი გუნდიც დატოვა.
“დინამოსა” და “ტორპედოს” შორის გამართული შეხვედრის შემდეგ 8 ფეხბურთელს რამდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს და მათ შორის, ასისტენტ შალვა ბაბუნაშვილს. შესაბამისად, გუშინ “დილასთან” ქუთათურების თავკაცი ანალიტიკოსი თორნიკე შეყრილაძე იყო.
10 ტურის შემდეგ პრაქტიკულად დაშლილ “ლოკომოტივს” 1 ქულაც არ აქვს მოპოვებული.
გუშინდელ “დინამოების” თამაშს 20 ათასზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. მანამდე, ბათუმის სტადიონიც სრულად შეივსო და 20 ათასი ფანი მივიდა. “დინამო არენას” ელიგის მატჩზე ამდენი გულშემატკივარი წლებია არ ჰყოლია, ხოლო, ერთბაშად ორ მოედანზე ეს მაჩვენებელი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა რამდენიმე წლის წინ.
თავის მხრივ, არ იცვლება ტრადიციები და იგივე ცეცაძე, ცხადაძე, დემჩენკო და სხვა მენტორები მსაჯების გინების გამო სანქციების და ჯარიმების ქვეშ მოხვდნენ.
ეს, უბრალოდ, მოკლე ჩამონათვალია იმ ყველაფრის, რაც მხოლოდ პირველ 11 ტურში მოხდა და ჯერ კიდევ ნახევარი სეზონიც არ გასულა. თუ რამე გაგახსენდებათ, კომენტარებში დაგვიწერეთ.