ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინში
საქართველოში 3-დღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება ‘მსოფლიო რაგბის’ (რაგბის მსოფლიო კავშირი, ყოფილი ირბ) საშეჯიბრო და მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე მარკ იგანი.
ვიზიტის ფარგლებში მარკ იგანმა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ გიორგი ნიჟარაძესთან ერთად შეხვედრები გამართა საქართველოს მთავრობის და საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” წარმომადგენლებთან. მხარეები შეხვდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანს, დაიგეგმა აუდიენცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან.
შეხვედრებისას განიხილებოდა 2017 წელს საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის გამართვის საკითხები. ვიზიტისას, მარკ იგანმა თბილისსა და ქუთაისში დაათვალიერა საქართველოს რაგბის კავშირის ინფრასტრუქტურა.
ვიზიტთან და საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს, 27 თებერვალს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის შეკითხვებს ლევან ყიფიანმა, ირაკლი დოლაბერიძემ, გიორგი ნიჟარაძემ და მარკ იგანმა უპასუხეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირმა ტურნირის სამასპინძლოდ სატენდერო განაცხადი უკვე შეიტანა.
ლევან ყიფიანი, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
„გვესტუმრა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რაგბის დიდი მეგობარი – ‘მსოფლიო რაგბის’ საშეჯიბრო დ მაღალი მიღწევების კომიტეტის თავმჯდომარე, მარკ იგანი, რომელიც საქართველოში იმ კომისიის ფარგლებში იმყოფება, რომელიც მართავს მსოფლიო რაგბის 20-წლამდე ჩემპიონატს. ეს არის ძალიან საინტერესო და მასშტაბური ტურნირი, რომლის მასპინძლობა საქართველოს რაგბის კავშირმა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ქვეყანამ ერთად განვიძრახეთ.
„ამისათვის აუცილებელია იმ ცვლილებების განხორციელება, რომლებიც ეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას – მოსაწესრიგებელია სათამაშო და მოსამზადებელია სავარჯიშო მოედნები. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც თბილისის, ასევე ქუთაისის მერიასთან. თუ საქართველო მოიპოვებს ტურნირის მასწპინძლობის უფლებას, ქუთაისი ერთერთი ჯგუფის მასპინძელი ქალაქი იქნება.
„სპორტის სამინისტრომ ბატონ იგანს მივიცით გარანტიები იმისა, რომ მოხდება ამ ინფრასტრუქტურის შესაბამისი მომზადება და მინდა გაცნობოთ, რომ უკვე შეირჩა საამისო ტერიტორიები.
„ტურნირის ორგანიზების კუთხით უამრავი საქმეა გასაკეთებელი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ‘მსოფლიო რაგბთან’. უკვე შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლობის პერსპექტივა ძალიან დიდია. უახლოეს ხანში შეიკრიბება მსოფლიო რაგბის შესაბამისი საბჭო, სადაც გადაწყდება ეს საკითხი.
გიორგი ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი:
„მე არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ ისტორიული გადაწყვეტილების მინჯნაზე ვდგავართ. შეგახსენებთ, რომ ამ მასშტაბის შეჯიბრი სპორტის სათამაშო სახეობაში საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა.
„მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემპიონატს მსოფლიო მასშტაბით ყავს მილიარდ ნახევრიანი აუდიტორია. მონაწილეობს მსოფლიოს ელიტური ნაკრებები და გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა, როგორც მასპინძელმა ქვეყანამ მივიღოთ. თუ ‘მსოფლიო რაგბი’ გადაწყვეტს და მოგვცემს მასპინძლობის უფლებას, ეს იქნება მძლავრი ბიძგი ძალიან ბევრი რამის მიმართ საქართველოში – შეიქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, გაიზრდება ქვეყნის ცნობადობა და უამრავი ტურისტი ჩამოვა.
„მოკლედ, რომ ვთქვათ ეს ყველაფერი არის მხოლოდ პოზიტივის მომტანი. აქედან გამომდინარე, მე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ამ ყველაფერს, როგორც ქართული რაგბისთვის, ასევე ქართული სპორტისთვის ზოგადად. მითუმეტეს, რომ პროექტის ფარგლებში ჩვენ ამ ინფრასტრუქტურას განვიხილავთ, როგორც ტურნირის შემდეგ საზიაროს ფეხბურთთან, იმიტომ რომ ფეხბურთსაც ამ კუთხით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს.
„ძალიან მიხარია ასევე, რომ ბატონ მარკ იგანს გუშინ დავუსაბუთეთ საბოლოოდ რატომ უნდა იყოს ტურნირის ერთი ქვე-ჯგუფი ქუთაისში. ქუთაისურმა რაგბმა ეს ნამდევილად დაიმსახურა და გარდა ამისა ქუთაისისთვის, როგორც ქალაქის განვითარებისთვის ეს დიდი და პოზიტიური სტიმული იქნება.
„მთავრობამ ‘მსოფლიო რაგბს’ მისცა გარანტია იმისა, რომ საქართველოს მხრიდან ყველა გაწერილი ვალდებულება ზედმიწევნით შესრულდება. გაცნობებთ, რომ დღეს დასკვნითი შეხვედრა გვექნება საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ბატონ გიორგი კვირიკაშვილთან. ამ შეხვედრაზე ეს ყველაფერი მთავრობის სახელით გაცხადდება. სამშაბათამდე, საქართველოს მთავრობა ოფიციალური წერილით დაუდასტურებს ზემოაღნიშნულს ‘მსოფლიო რაგბის’ პრეზიდენტს და ამის შემდეგ, ოთხშაბათსა და ხუთსაბათს, ბატონი იგანი კომისიის ორგ-სხდომაზე გააკეთებს მოხსენებას, სადაც შემუშავებულ იქნება რეკომენდაცია, ხოლო ოფიციალური გადაწყვეტილება უკვე მაისში იქნება მიღებული. თუმცა მერწმუნეთ, რომ რეკომენდაცია პრაქტიკულად გადაწყვეტილებას ნიშნავს.
„ასე, რომ დაველოდოთ და სანთლებიც დავანთოთ, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი სიკეთის მომტანი რამ შეიძლება მოხდეს. გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთან ჩემპიონატი არა ელიტურ სარაგბო ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა.
მარკ იგანის განცხადებით, საქართველოს ძალზე რეალური შანსი აქვს მასპინძლობის უფლების მოპოვებისა, რადგან მთავრობის და ასევე საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” მხრიდან მიღებულია გარანტიები ახალი სარაგბო ინფრასტუქტურის შექმნის და ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების თაობაზე. ‘მსოფლიოს რაგბის’ მაღალჩინოსნის თქმით, ქუთაისის სარაგბო ინფრასტრუქტურამ, რომლის მსგავსი მას ბოლო წლებში სხვა არცერთ ქვეყანაში არ უნახავს, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – ასეთი ბაზის პირველი დონის სარაგბო ქვეყნებსაც შეშურდებოდათო, დასძინა მან.
როგორც ზემოთ აღინიშნა, 2017 წლის ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ მარკ იგანი დუბლინში, “მსოფლიო რაგბის” შტაბ-ბინაში დაგემილ ორგ-საბჭოზე მომავალ კვირას იმსჯელებს, სადაც საბჭოს წევრებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ტურნირის მასპინძლობაზე ოფციალურ გარანტიებს წარუდგენს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი “მსოფლიო რაგბი” მიმდინარე წლის მაისში მიიღებს.
Rugby.GE