იტალიელთა სავარაუდო განაცხადი მსოფლიოს 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის
მაშ ასე, გთავაზობთ ჩემს პირველ პოსტს ამ ბლოგზე, რომელიც იტალურ ფეხბურთს ეძღვნება. ქვემოთ განვიხილავ იმას, თუ რა პროცენტული შანსები აქვს ამა თუ იმ ფეხბურთელს, რომ მოხვდეს 23-კაციან განაცხადში და 2014 წელს ბრაზილიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე დაიცვას იტალიის ნაკრების ღირსება.
მეკარეები:
1) ბუფონი – 99%. ალბათ უკონკურენტო. ჯიჯიმ იუვეს შემადგენლობაში ჩატარებულ ბოლო თამაშებში დაამტკიცა, რომ 35 წელი მეკარისთვის არც თუ ისე ბევრია. მას კვლვინდებურად შეუძლია „მკვდარი ბურთების“ მოგერიება საჭირო მომენტში და, დღეის მდგომარეობით, გუნდისთვის ყველაზე ძვირფას ფეხბურთელს წარმოადგენს. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე თამაშის გამოცდილება კი მეორე მყარი არგუმენტია იმის დასამტკიცებლად, რომ 7 ივნისს, D ჯგუფის გახსნით თამაშში იტალიასა და ინგლისს შორის, აპენინელთა კარს სწორედ ასაკოვანი სენიორას ასაკოვანი გოლკიპერი დაიცავს.
2) სირიგუ – 85%. სავარაუდოდ, სწორედ ის დაიკავებს მეორე მეკარის ადგილს მუნდიალზე. მას შემდეგ, რაც პსჟ-ში გადავიდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ტოპ-კლუბში ძირითად მეკარედ ჩამოყალიბდა, ჩეზარე პრანდელის ნდობამაც სიცილიელი მეკარის მიმართ საგრძნობლად მოიმატა. სალვატორემ შეძლო მარკეტისთან შედარებით უფრო მეტი სტაბილურობის ჩვენება და წაართვა კიდეც ამ უკანასკნელს ნაკრების მეორე მეკარის წოდება, თუმცა ძირითად შემადგენლობაში დამკვირდებულ გენიოსამდე ორივეს ბევრი უკლია
3) დე სანქტისი – 55%. სავარაუდოდ. ყველამ ვიცით, რომ მესამე მეკარეს ამა თუ იმ გუნდში ყველაზე ნაკლები პასუხისმგებლობა ეკისრება და გულშემატკივარიც ნაკლებად ინტერესდება იმ ფეხბურთელით, რომელიც 99% ალბათობით მთელი ჩემპიონატის განმავლობაში მოედანზე არ გამოვა. ზოგადად კი, დე სანქტისმა იტალიის ჩემპიონატში 7-მატჩიანი მშრალი სერია გამოაცხო რომასთან ერთად და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ მას კვლავ ჰქონდეს ასეთი გამობრწყინება, თუმცა ის შეცდომები, რაც მან ბოლო ტურებში დაუშვა, ალბათ არ ეკადრება ეროვნული ნაკრების მეკარეს. გამომდინარე მისი ასაკიდან, ალბათ დე სანქტისზე მაღლა უნდა დავაყენოთ, თუმცა არა სანაკრებო გამოცდილებითა და სტაბილურობით.
4) ფედერიკო მარკეტი – 40%. შესაძლოა, ვიხილოთ დე სანქტისის ნაცვლად. ხშირად მოგვევლინა ლაციოს უკანასკნელ იმედად, მაგრამ გვახსოვს ჩაგდებული თამაშებიც. ლაციოს ამჟამინდელი კრიზისი ნაკრებში მისი მოხვედრის შანსებს კიდევ უფრო ამცირებს.
5) მატია პერინი – 5%. ნაკლებსავარაუდოა, რომ მეკარეთა სამეულში მოხვდეს, თუმცა, ალბათ, გონივრულია ახალგაზრდა მეკარის წაყვანა მუნდიალზე, რათა ამ უკანასკნელმა მიიღოს ის აუცილებელი გამოცდილება, რასაც სანაკრებო დონეზე თამაში თუ არა, გუნდის ნაწილად ყოფნა მაინც ჰქვია. ბოლოს და ბოლოს, ჯიჯი სულ 18 წლის იყო, სანაკრებო განაცხადში რომ მოხვდა.
დაცვა:
6) ჯორჯო კიელინი – 99%. დღევანდელი აძურას დაცვის ბურჯი. გამოირჩევა სტაბილურობით, ხასიათის სიმტკიცით და, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, უხეშობით. ეს ბოლო რამდენიმე თამაშში იუვენტუსმა საკუთარ თავზე განიცადა, როდესაც მადრიდის რეალთან მნიშვნელოვან მატჩში ჯორჯომ უმიზეზოდ ორჯერ იუხეშა და ჯერ თერთმეტმეტრიანი დაანიშნინა მსაჯს ბიანკონერის კარში, შემდეგ კი წითელი ბარათიც გამოსტყუა. თუმცაღა, მისი ქარიზმატულობა და გოლის ალღო, ასევე უნარი, ითამაშოს გარემარბად, მას იტალიის ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად ხდის.
7) ანდრეა ბარძალი – 99%. ასევე ძალზე სტაბილური მცველი და კიელინიზე უფრო აკადემიურიც. უშვებს შეცდომებს, მაგრამ იშვიათად. ლამაზი საყურებელია, როდესაც თამაში მისდის და მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელს „არ ახარებს.“
8) ლეონარდო ბონუჩი – 70%. ლეომ უდიდესი გამოცდილება მიიღო 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობით. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება შეიძლება დარჩეს მავანს, რომ მან ამ ტურნირის ფინალში მარცხის შემდეგ ფეხბურთზე გული აიცრუა და მოტივაცია დაკარგა, შედეგად ნაკრების ძირითადშიც იშვიათად ხვდება. შესაძლოა, გარკვეულწილად, მართალიც იყოს. ლეო ევრო 2012-ის თამაშებზე მთელი სულითა და გულით თამაშობდა და მოედანზე ბოლომდე იხარჯებოდა. იმედია, ის აღიდგენს მაშინდელ მონდომებას და ასევე დაეხმარება გუნდს მსოფლიოზე.
9) ანჯელო ოგბონა – 45%. ჩემი აზრით, გადაჭარბებულია ამ ფეხბურთელზე დიდი იმედების დამყარება. რამდენჯერმე მიეცა ნაკრებშიც და იუვენტუსშიც თავის გამოჩენის საშუალება, თუმცა თავი დიდად ვერ ისახელა. სავარაუდოა, რომ ნაკრებში მის ადგილს მისივე ტურინელი თანაგუნდელები დაიკავებენ.
10) ანდრეა რანოკია – 65%. ამ სეზონამდე მისი მთავარი პრობლემა არასტაბილურობა იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ის საბოლოოდ მაინც „გაიზარდა“ და წლევანდელ სერია ა-ს მაღალ დონეზე ატარებს. პრანდელი ხშირად აძლევდა შანს შესარჩევშიც და ამხანაგურებშიც. უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ პროგრესირება განაგრძო, ის ამოაგდებს ძირითადიდან ან კიელინის, ან ბარძალის. სულ მცირე, მესამე მცველად ნამდვილად უნდა განვიხილოთ.
11) დავიდე ასტორი – 15%. განიხილებოდა, როგორც ამომავალი ვარსკვლავი და ცენტრალური დაცვის პოტენციური ბურჯი, თუმცა ვერც მწვრთნელის და ვერც გულშემატკივრების იმედები ვერ გაამართლა.
12) მატია დე შილიო – 90%. ფაქტობრივად გამორიცხულია მისი ბრაზილიაში არწასვლა, თუ ტრავმებმა არ დატანჯეს. მატია რამდენიმე დღეა, რაც ბოლომდე გამოჯანმრთელდა სეზონის დასაწყისში მიღებული ტრავმისგან და სათადარიგოთა სკამზეც მოხვდა ლივორნოსთან თამაშში. სანამ ტრავმას მიიღებდა, თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა და ტიფოზების თვალწინ იზრდებოდა. იგი იტალიური ფეხბურთის მომავალია და ეს მუნდიალი მისთვის უდიდეს მნიშვნელობას ატარებს სამომავლო განვითარების კუთხით. მისი უნარი, ითამაშოს ორივე ფლანგზე, წარმოადგენს შეუფასებელ სიმდიდრეს გუნდისთვის.
13) დომენიკო კრიშიტო – 90%. სტაბილური, ჩამოყალიბებული ფლანგის მცველი. აქვს საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის გამოცდილებაც. უნდა ვივარაუდოთ, რომ პრანდელი მას ენდობა და მარცხენა ფლანზე ან მას, ან ბალძარეტის ათამაშებს. ყოველ შემთხვევაში, ჩემპიონატზე მოხვედრა რუსეთში მოთამაშე იტალიელს გარანტირებული აქვს. კარგი იქნება, თუ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რომელიმე იტალიურ გუნდში გადმოვა, რათა უფრო დაუახლოვდეს ეროვნულის თანაგუნდელებს.
14) ფედერიკო ბალძარეტი – 50%. ბოლო დროს რომაში თამაშის ხარისხს ცოტათი მოუკლო, თუმცა ყველას ახსოვს მისი პირველი სანაკრებო გოლი ბრაზილიის ნაკრებთან ამხანაგურში და სიხარულის ცრემლები, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა ტიფოზები, რომ ბალძარეტი ისევე დაიხარჯება ნაკრებისთვის, როგორც ეს 2012 წელს გააკეთა.
15) პასკუალი – 20%. გამოირჩევა სანდოობით, მაგრამ აკლია სანაკრებო დონეზე თამაშის გამოცდილება, თანაც უკვე არც ისე პატარაა. მას აქვს პრანდელის ნდობა და უნდა ვივარაუდოთ, რომ მწვრთნელი მას მუნდიალზეც ენდობა, თუმცა ვერ მოვიაზრებთ ძირითადის მოთამაშედ – მით უმეტეს, რომ ჩეზარეს არ უყვარს 3 ცენტრალური მცველით თამაში.
16) ინიაციო აბატე – 60%. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკასა და ჩაწოდებებში ოდნავ მოიკოჭლებს, აბატე უდიდესი ძალაა, როდესაც მას თავისი უსწრაფესი რეიდები გამოსდის მარჯვენა ფლანგზე. ორი თვის წინ გერმანიის ნაკრების კარში გატანილი მისი გოლი კი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს აბატეს კარგად თამაშს გუნდისთვის. მოუწევს ახალგაზრდა დე შილიოსთან სერიოზული ბრძოლა ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად.
17) კრისტიან მაჯო – 50%. საკმაოდ სანდო და აბატეზე უფრო მეტი „გამომგონებლური ნიჭის“ მქონე გარემარბი. პრანდელის მოუწევს მათ შორის არჩევნის გაკეთება და არ უნდა ველოდოთ მსოფლიო ჩემპიონატზე ორივე მათგანის გამოჩენას.
ნახევარდაცვა:
18) რიკარდო მონტოლივო – 85%. პრანდელის ფავორიტი ფიორენტინაში ყოფნის პერიოდიდან. ხშირად აძლევს შანსს, მაგრამ ხანდახან ვერ ამართლებს მოლოდინს – მით უმეტეს, თუ უწევს გამთამაშებლის პოზიციაზე გარჯა. მართლაც, რომ ირჯება, როდესაც გამთამაშებელია, ამ პოზიციას კი თამაში უხდება – სიმსუბუქე, გამჭრიახობა და სისხარტე. მიუხედავად ამისა, ცენტრალურ მცველად და ჩამშლელად ნორმალურად თამაშობს და ნაკრების ძირითადის კანდიდატადაც განიხილება.
19) კლაუდიო მარკიზიო – 80%. დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი, რომელიც ოდნავ დაიჩრდილა იუვენტუსის ნახევარდაცვაში არსებული კონკურენციის გამო. პრინციპში, არც ნაკრებში აკლია კონკურენცია, მაგრამ როდესაც შანსი ეძლევა, ყოველთვის ამტკიცებს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია. სულ მცირე, შეცვლებზე მაინც ნამდვილად უნდა ველოდოთ.
20) ანდრეა პირლო – 99%. მაესტრო. წარმოდგენაც კი მზარავს, რომ 2018 წელს იტალიას მის გარეშე მოუწევს მუნდიალზე გასვლა. პირადად ჩემთვის ის ტრიუმფალური მილანის უკანასკნელი მოჰიკანია და სკუადრა აძურას „ძველი სკოლის“ ბოლოსწინა წარმომადგენელი ბუფონის შემდეგ. ბალოტელი, როსი თუ ნებისმიერი სხვა თავდამსხმელი მისი პასების გამოყენებას მაქსიმალურად უნდა ეცადონ. სასურველი იქნება, თუ ნაკრებში ერთ-ერთი თავდამსხმელი მისი თანაგუნდელი იქნება, რათა კარგად შეთამაშებული კომბინაციები გაათამაშონ საჭირო მომენტში, მაგრამ ჯერჯერობით, ამის საფუძველს ვერც ჯოვინკო და ვერც კუალიარელა იძლევა. გუნდის მორალისთვის უმნიშვნელოვანესია მისი სიდინჯე, ხოლო თამაშის ხარისხისთვის – მისი უნარი, დაიჭიროს ბურთი. მისი თამაში მუნდიალზე კითხვებს არ იწვევს.
21) დანიელე დე როსი – 99%. გუნდის ძრავია. შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, დაცვაში და თავდასხმაში თამაშიც კი! გუნდის უდავო ლიდერი და უბრალოდ მებრძოლი გლადიატორი – ეს არის დანიელე დე როსი და ის ზედმეტ ქება-დიდებას არ საჭიროებს.
22) ანტონიო კანდრევა – 80%. ლაციალეების ფავორიტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ფეხბურთელია სკუადრა აძურაში. შეუძლია ფლანგზე, ცენტრსა და შეტევაში გარჯა. ძირითადად დაკავებულია მომენტების შექმნით და მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევით. დღევანდელ იტალიის ნაკრებს აკლია მისი სტილის ფეხბურთელები. აქვს 2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება. ნაკლებსავარაუდოა, რომ პრანდელიმ მისი შესაძლებლობების გამოყენებაზე უარი თქვას.
23) მარკო ვერატი – 60%. აშკარად დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელი, რომელსაც იმაზე გაცილებით მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რამდენსაც პსჟ-ის სემადგენლობაში იღებს. ადრეულ ასაკში მდიდრების გუნდში გადასვლა და თანაც, პირდაპირ სერია ბ-ში მოთამაშე პესკარადან, არც ისე გონივრული სვლა იყო პროფესიული ზრდის კუთხით. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა იტალიელი პერიოდულად ამტკიცებს, თუ რამხელა პოტენციალი აქვს და, ალბათ, პრანდელიც ხვდება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის მსოფლიო ჩემპიონატი. თანაც, იტალია აშკარად განიცდის ახალგაზრდა და ნიჭიერი ნახევარმცველების დეფიციტს და ვერატის განვითარება ამ მხრივ სასიცოცხლო ინტერესს ატარებს ეროვნული ნაკრებისთვის.
24) ტიაგო მოტა – 75%. სავარაუდოა, რომ პრანდელი ენდობა. გვინახავს მისი გამობრწყინებაც და ჩაგდებული თამაშიც. უნდა განვიხილოთ 5-კაციანი ნახევარდაცვის ან სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელად.
25) ალესანდრო ფლორენცი – 25%. კიდევ ერთი ახალგაზრდა იტალიელი, რომელიც ვერატისთან ერთად, იტალიის მომავალ დიდებას უდგას სათავესთან. აშკარად სჭირდება ჩამოყალიბება და სანაკრებო გამოცდილება ამაში, წესით, უნდა დაეხმაროს. თუმცა, თუ ცოტათი არ მოუმატა თამაშის ხარისხს და სტაბილურობას, 22-კაციან განაცხადში გაუჭირდება მოხვედრა ნაკრებში არსებული კონკურენციის გამო.
26) ანდრეა პოლი – 75%. ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლის კარიერაც სწორი გზით ვითარდება. წესით, მუნდიალისთვის საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს. მისი ნაკრებში მოხვედრა ასევე დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეუწყობს ხელს საკუთარი გუნდი – მილანი, სადაც ბოლო რამდენიმე შეხვედრაში პოლის მარცხენა გარემარბის პოზიციაზე მოუწია თამაში, ტრავმირებულთა ურიცხვი რაოდენობის გამო. ნახევარდაცვაში ძალიან სასარგებლოა როგორც კლუბისთვის, ასევე ნაკრებისთვის.
27) ალბერტო აკვილანი – 45%. საკმაოდ სანდო ნახევარმცველი, რომელსაც ფიორენტინაში „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა. ცოტა თუ არ მოუმატა, გაუჭირდება დაცვაში არსებული კონკურენციის დაძლევა, მაგრამ, წესით, განაცხადში უნდა მოხვდეს.
28) ანტონიო ნოჩერინო – 20%. იმყოფება კარიერულ სტაგნაციაში. დამძიმდა. უჭირს თავის გუნდში დე იონგისთვის ჩამშლელის პოზიციაზე კონკურენციის გაწევა. ვერც სანდოობითა და ჭკვიანური პასებით გამოირჩევა. აქვს ტექნიკა. უნდა ვივარაუდოთ, რომ პრანდელი მას 22 კაცს მიღმა დატოვებს, მაგრამ გამორიცხული არაფერია და თან ნახევარი სეზონი ჯერ კიდევ წინაა.
29) მარკო პაროლო – 5%. პარმაში ბოლო დროს კარგად მოთამაშე პაროლომ მოახერხა მწვრთნელის ნდობის მოპოვება, თუმცა განსაკუთრებით არ გამოირჩეოდა გერმანიასა და ნიგერიასთან ამხანაგურ თამაშებში. ასე რომ, მას მსოფლიო ჩემპიონატზე არ უნდა ველოდოთ.
30) ალესანდრო დიამანტი – 70%. ტრადიციულად, სარგებლობს მწვრთნელის ნდობით. თამაში უწევს არც ისე ბრწყინვალე ბოლონიაში, სადაც ეს უკანასკნელი ვერ კისრულობს იმავე როლს, რომელიც, მაგალითად, დი ნატალეს გააჩნია უდინეზეში. თუმცა, ჯარიმებისა და პენალტების დიდოსტატია და, აგრეთვე, განიხილება პირლოს შემცვლელად, ასე რომ, მსოფლიოზე უნდა ველოდოთ.
31) ემანუელე ჯაკერინი – 40%. მისი გადასვლა სანდერლენდში, ალბათ, დადებითად უნდა შევაფასოთ, გამომდინარე იუვენტუსში არსებული დიდი კონკურენციისა მის პოზიციაზე. ახალ გუნდში რამდენჯერმე გამოიჩინა თავი, თუმცა ნაკრებში აღარ ჩანს. თუ ცოტა არ მოუმატა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მუნდიალზე ვიხილოთ.
თავდასხმა:
32) ალესიო ჩერჩი – 50%. ტორინოში საკმაოდ კარგად გამოიყურება, თუმცა ნაკრებში მთლად ვარსკვლავებს ვერ ეთამაშება. მიუხედავად ამისა, მაინც მოახერხა ნაკრების განაცხადიდან ისეთი ფეხბურთელების ამოგდება, როგორიც ოსვალდო, ან, თუნდაც, ჯოვინკოა.
33) სტეფან ელ შაარავი – 90%. უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედი იტალიური ფეხბურთისთვის. მსოფლიო ჩემპიონატზე მისგან ყველა დიდი ფეხბურთის ჩვენებას მოელის, მათ შორის, მწვრთნელიც. ამიტომ, თითქმის უეჭველია, რომ ფარაონი მუნდიალზე გამოგვეცხადება, თანაც ძირითადის მოთამაშედ.
34) მარიო ბალოტელი – 95%. მთავარი დამრტყმელი ძალა, რომლის გარეშეც იტალიის ნაკრების წარმოდგენა უკვე ძნელი ხდება. ბოლო პერიოდში კარგად შეუწყვილდა ჯუზეპე როსის და დიდი ალბათობით, სწორედ ეს 2 შექმნის შემტევ დუეტს ბრაზილიაში. აუცილებელია, დაძლიოს ამჟამინდელი კრიზისი, იპოვოს საკუთარი თავი და გახდეს ნაკლებად ინერტული. მილანში თამაშისას ხშირად ერიდება ბრძოლაში შესვლას და ბურთზე გაკიდების ნაცვლად წაქცევას ირჩევს, რაც, რიგ შემთხვევებში, მსაჯის გულგრილობით და მარიოს ისტერიკებით სრულდება. ჭირვეულს საკმარისზე მეტი დრო აქვს თავის დასახვეწად და, იმედია, ის ამ დროს ნაყოფიერად გამოიყენებს.
35) ჯუზეპე როსი – 95%. ნამდვილად საცოდავობაა, რომ ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელი ასე დატანჯა ტრავმებმა. მიუხედავად ურთულესი სარეაბილიტაციო პერიოდისა, მან შეძლო იმ ფორმის აღდგენა, როგორშიც ის ვილიარეალში თამაშის დროს იმყოფებოდა და ამჟამად სერია ა-ს ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას. ჭკვიანი ფეხბურთელია და პასის გაკეთებაც იცის სწორ დროსა და ადგილას. ამას დავუმატოთ ის, რომ ფიორენტინაში თამაშობს და მისი ბილეთი ბრაზილიაში მზადაა!
36) მატია დესტრო – 15%. იმედისმომცემი ახალგაზრდა, რომელსაც ტრავმებმა სრული პოტენციალის წარმოჩენის შესაძლებლობა არ მისცა. ახლახან გამოჯანმრთელდა და რომას შემადგენლობაში პირველსავე თამაშში შეცვლაზე შემოსულმა გოლი გაიტანა. თუ ასე გააგრძელა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც როსის და ბალოტელის ზურგის გამმაგრებელი სათადარიგოთა სკამიდან.
37) პაბლო ოსვალდო – 25%. პრანდელი მას ადრე უფრო ენდობოდა. პრინციპში, ცუდად არ თამაშობს. თავისი კლასის დამტკიცებას საუთჰემფტონშიც განაგრძობს. მე მის დაბრუნებას არ გამოვრიცხავდი, მით უმეტეს, რომ არც როსია დაზღვეული ტრავმისგან და არც ბალოტელი. ამ უკანასკნელის მძიმე ხასიათისა და ცუდი ფორმის მხედველობაში მიღებით, ოსვალდოს გამოჩენა მსოფლიო პირველობაზე მთლად არარეალურიც არ უნდა იყოს.
38) ლორენცო ინსინიე – 60%. ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი წარმომადგენელი. უნდა ვივარაუდოთ, რომ სეზონის მეორე ნახევარში მეტად წარმოაჩენს იმ თავის უზარმაზარ პოტენციალს და დაიმსახურებს ადგილს, სულ ცოტა, სათადარიგოთა სკამზე. ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პრანდელის ინსინიესთვის 3-კაციან თავდასხმაში ჰქონდეს ადგილი გამზადებული. მით უმეტეს, რომ, დიდი ალბათობით, იტალიას რამდენიმე მატჩის ჩატარება შეტევითი ტაქტიკით მოუწევს.
39) მანოლო გაბიადინი – 5%. ახალგაზრდა ვარსკვლავი, რომელსაც ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი. თავდასხმაში არსებული დიდი კონკურენციის გამო, ნაკლებად სავარაუდოა მისი ბრაზილიაში გამოჩენა, თუმცა, მოდით, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
40) ალბერტო ჯილარდინო – 30%. კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის მუნდიალზე გამოჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ბევრ თავის კონკურენტზე მაღლა დგას გამოცდილებით – ის იყო 2006 წელს ტრიუმფატორი იტალიის ნაკრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფორმაში იქნება ის მუნდიალის წინ.
41) სებასტიან ჯოვინკო – 20%. უდავოდ, ნიჭიერი ფორვარდი, თუმცა მაინც ბოლომდე ჩამოუყალიბებელი. შეთამაშებულია ნაკრებში ბალოტელისა და კიდევ რამდენიმე ფორვარდთან, მაგრამ ეს მაინც არ კმარა იმისთვის, რომ 22-კაციან განაცხადში ადგილი მოიპოვოს. თუკი მოახერხებს და საკუთარ გუნდში ლორიენტეს წაართმევს ძირითადში ადგილს, შესაძლოა ეს მისთვის მუნდიალზე გასამგზავრებელ ბილეთად იქცეს.
42) ანტონიო კასანო – 15%. 10 ნომრის პოზიციაზე კარგი ვარიანტია, თუმცა უკვე ასაკშია შესული, თანაც გულის ოპერაციამ თავისი დაღი დაასვა და მოედანზე ბოლომდე ვეღარ იხარჯება. მიუხედავად ამისა, გადამწყვეტ მომენტში შეიძლება გუნდისთვის უდიდესი დახმარება გაწიოს.
43) ფრანჩესკო ტოტი – 30%. მუნდიალის დაწყებამდე ამ ფეხბურთელი გარშემო დიდი ვნებათაღელვა იქნება. მით უმეტეს, თუ მან მოახერხა და შეინარჩუნა ის შესანიშნავი ფორმა, რამაც რომას 11-მატჩიან მოგებათა სერიაში ლომის წილი დაიდო. ტრავმა უკვე მოიშუშა და მომდევნო თამაშიდან მწყობრში უნდა ჩადგეს. მიუხედავად ამისა, პრანდელი მის ნაკრებში აყვანას არ ჩქარობს. თუ მოხდა სასწაული და პრანდელიმ მაინც გამოიძახა ტოტი ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, მაშინ მივირებთ იდეალურ გუნდს, რომელშიც შერწყმული იქნება გამოცდილება და ახალგზრდული სულისკვეთება, წარმოიქმნება გუნდის მამოძრავებელი ღერძი დე როსი – ტოტის სახით და საბოლოოდ გადაიჭრება 10 ნომრის პრობლემა. „იმპერატორის“ მონდომებაში მე ეჭვი არ მეპარება და მოდით, დავიტოვოთ იმის იმედი, რომ, ერთი მხრივ, ის მოახერხებს ტრავმების არიდებას და ზაფხულისთვის კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას და მეორე მხრივ – იმედი იმისა, რომ თვითონ ექნება ნაკრებში დაბრუნების სურვილი. ფაბიო კანავარომ ცოტა ხნის წინ სწორად აღნიშნა, რომ თუ ტოტი ნაკრებში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას უდიდესი პასუხისმგებლობა დაეკისრება და თუკი სკუადრა აძურა წარუმატებლად დაასრულებს მუნდიალზე გამოსვლას, ეს, პირველ რიგში, ვეტერან ფეხბურთელებს დაბრალდებათ.
შევეცდები გამოვყო ის 23 ფეხბურთელი, რომელიც, ჩემი აზრით, დააკომპლექტებს სკუადრა აძურას განაცხადს მსოფლიო ჩემპიონატისთვის:
ძირითადი შემადგენლობა:
1) ჯანლუიჯი ბუფონი
2) ანდრეა ბარძალი
3) ჯორჯო კიელინი
4) მატია დე შილიო
5) ინიაციო აბატე
6) დანიელე დე როსი
7) ანდრეა პირლო
8) ანტონიო კანდრევა
9) სტეფან ელ შაარავი
10) ჯუზეპე როსი
11) მარიო ბალოტელი
სათადარიგოები:
12) სალვატორე სირიგუ
13) მორგან დე სანქტისი
14) ლეონარდო ბონუჩი
15) ანდრეა რანოკია
16) დომენიკო კრიშიტო
17) რიკარდო მონტოლივო
18) კლაუდიო მარკიზიო
19) ანდრეა პოლი
20) ალესანდრო დიამანტი
21) ლორენცო ინსინიე
22) ალესიო ჩერჩი
23) პაბლო ოსვალდო