იტალიის ჩემპიონატის ახალი სეზონი 1 სექტემბერს უნდა დაიწყოს
დღეს იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელთა შორის ვიდეოკონფერენცია მოეწყო. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ სერია A-ს, B-ს C-ს მიმდინარე გათამაშებები 20 აგვისტომდე უნდა დასრულდეს, ხოლო ახალი სეზონის დაწყება პირველი სექტემბრისთვის დაიგეგმა. იტალიის თასის დასრულების ბოლო თარიღად 31 აგვისტო სახელდება.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შემთხვევაში, ჩემპიონატების ფორმატი შესაძლოა, შეიცვალოს. კერძოდ, სერია A-ს გასავარდნ ზონაში მყოფმა გუნდებმა და სერია B-ს ლიდერებმა შესაძლოა, საპლეიოფო მატჩები ჩაატარონ. იგივე ეხებათ რანგით ქვედა დივიზიონებსაც.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშების განახლება 13 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომლის ძალითაც ქვეყანაში 14 ივნისის ჩათვლით ყველა სპორტული ღონისძიებისა და შეჯიბრების ჩატარება აიკრძალა.
მომდევნო შეხვედრა 28 მაისს ჩაინიშნა, რომლის მონაწილე იტალიის სპორტის მინისტრი ვინჩენცო სპადაფორაც იქნება.