”იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობა ბავშვობიდან მინდოდა” – ინტერვიუ ანდრო ბითაძესთან
როგორც იცით, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრმა ანდრო ბითაძემ კარიერა ”ბარსელონადან” ”რომაში” გააგრძელა.
Fanebi.Com ბითაძეს დაუკავშირდა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.
– რატომ გადაწყვიტეთ ”ბარსელონას” დატოვება?
– იტალიის ჩემპიონატი არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში და ვფიქრობ, რომ აქ თამაშით დიდ გამოცდილებას მივიღებ. გუნდის შეცვლის მთავარი მიზეზი სწორედ ეს გახდა. ბავშვობაშიც ყოველთვის მინდოდა იტალიის ჩემპიონატში ასპარეზობა.
– 2012/13 წლები სერბულ ”ვოივოდინაში” გაატარეთ, შემდეგ იყო ”იადრანი”, გასულ სეზონში კი ”ბარსელონაში თამაშობდით. როგორ შეაფასებდით თქვენს კარიერას ამ სამ კლუბში?
– ”ვოიოვოდინაში” 15 წლის ასაკში წავედი და იქ ბევრი ისეთი რამ ვისწავლე, რომელიც სამომავლოდ გამომადგა. მონტენეგროს ჩემპიონ ”იადრანში” ორი წელი გავატარე, სადაც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პროგრესი განვიცადე. მონტენეგროში მივიღე ისეთი გამოცდილება, რომელიც დამეხმარა, რომ მეთამაშა ისეთ ლიგაში, როგორიცაა ”რეგიონალური ლიგა”. ამის შემდეგ, ერთი წელი ”ბარსელონაში” გავატარე და კატალონიურ კლუბში ავითვისე ესპანური წყალბურთის სტილი – ეს არის სწრაფი წყალბურთი, გათვლილი კონტრშეტევებზე.
– გქონდათ თუ არა შემოთავაზებები სხვა კლუბებისგანაც?
– კი, სამი შემოთავაზება მქონდა, ერთი ამერიკიდან, კერძოდ კი სან დიეგოს უნივერსიტეტის გუნდიდან, ასევე იყო საფრანგეთიდან ”ნიცას” ვარიანტი და ”რომა”. საბოლოოდ, იტალიურ კლუბში გადასვლა ვამჯობინე და გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ.
– იტალია ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრებია მსოფლიოში. მას ჩემპიონატიც ძლიერი აქვს. მაგრამ წლების შემდეგ სად ისურვებდით თამაშს? თქვენი აზრით, შეგიძლიათ თუ არა კიდევ უფრო წინსვლა და რომელია თქვენი საოცნებო კლუბი?
– ალბათ, იტალიურ ”პრო რეკაში” თამაში ყველა წყალბურთელის ოცნებაა. ჩემი მიზანიც სწორედ ეს არის. რა თქმა უნდა, ჩემი კარიერა ”რომაში” გრძელდება, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდები.
– ბოლოს ნაკრებზეც გკითხავთ, როგორ შეაფასებდით საქართველოს გამოსვლას ბელგრადში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე?
– მეორე ევროპის ჩემპიონატია, რომელზეც საქართველოს ნაკრებმა იასპარეზა. ვფიქრობ, მაინც ახალბედა გუნდი ვართ და ამ ეტაპზე დიდ შედეგს ვერ მივაღწევთ. საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე იზრდება და ვამჩნევ, რომ დიდი პოტენციალი აქვს. სწორი ხელშეწყობით და შრომით რამდენიმე წელში დიდ შედეგსაც მივაღწევთ.