იტალიის ნაკრების მწვრთნელობის სამი პრეტენდენტი სახელდება
“ლა სტამპას” ცნობით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ “სკუადრა აძურას” ახალი მთავარი მწვრთნელის ხელფასისთვის 2018 წლის ბიუჯეტში ხუთი მილიონი ევრო უკვე გამოყო. სახელდება გუნდის ჩაბარების სამი მთავარი კანდიდატიც.
მთავარ პრეტენდენტად კარლო ანჩელოტის კანდიდატურა განიხილება, რომელსაც მიუნხენის “ბაიერნიდან” წამოსვლის შემდეგ პროფესიულ კარიერაში პაუზა აქვს აღებული. თუმცა, 58 წლის სპეციალისტს საკლუბო დონეზე უფრო სურს მუშაობა. მეორე კანდიდატი ლონდონის “ჩელსის” დღევანდელი თავკაცი ანტონიო კონტე გახლავთ, რომელიც იტალიის ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხელმძღვანელობდა. მესამე კანდიდატად რობერტო მანჩინი მოიაზრება, რომელმაც უკვე გამოთქვა “სკუადრა აძურას” ჩაბარების სურვილი.
შეგახსენებთ, რომ ნოემბერში იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჯამპიერო ვენტურა გაათავისუფლეს, რომელმაც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე გუნდის გაყვანა ვერ შეძლო. “სკუადრა აძურა” მუნდიალის ფინალურ სტადიას 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებს.