იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე კონტეს დანიშვნა გამოირიცხა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის დროებითი კომისრის თანაშემწემ, ალესანდრო კოსტაკურტამ აღნიშნა, რომ “სკუადრა აძურას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს კანდიდატურა გამოირიცხა.
“კონტემ თქვა, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში საკლუბო დონეზე ყოველდღიურად მუშაობა სურს, რასაც გულისხმობს კიდეც მასსა და ლონდონის “ჩელსის” შორის გაფორმებული კონტრაქტი. შესაბამისად, ის კანდიდატთა სიას ჩამოშორდა.
განვიხილავთ სხვა სპეციალისტების კანდიდატურებს, რომლებიც ჩვენთვის მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომები არიან. მაგალითად, რობერტო მანჩინი, რომელსაც “ზენიტთან” აქვს ხელშეკრულება დადებული. დასადგენია, ვისი მოწვევა შეგვიძლია და ვისი – არა.
თუ უახლოეს მომავალში არაფერი შეიცვლება, მაშინ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ივნისში გახდება ცნობილი. მომდევნო ორ ამხანაგურ მატჩში ნაკრებს ახალგაზრდული გუნდის თავკაცი ლუიჯი დი ბიაჯო უხელმძღვანელებს. არა მგონია, ეს დიდ პრობლემას წარმოადგენდეს”, – ციტირებს კოსტაკურტას სიტყვებს “სქაი იტალია”.