იტალიის სპორტის მინისტრი სერია A-ს განახლების ორ სავარაუდო თარიღს ასახელებს
იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ სერია A-ს მიმდინარე სეზონის განახლების ორი სავარაუდო თარიღი დაასახელა.
“სერია A-ს მიმდინარე გათამაშების განახლების ორ შესაძლო თარიღზე ვმუშაობთ – 13 ან 20 ივნისი. სეზონის განახლების პროტოკოლი მზად გვაქვს. ხუთშაბათს გადაწყდება, როდის განვაახლებთ გათამაშებას. “სქაი” გერმანიაში მატჩების ტრანსლაციებს უფასოდ ახორციელებს. ასეთივე შესაძლებლობა უნდა განვიხილოთ იტალიაშიც, რათა ბარებში დიდი რაოდენობით ადამიანების შეკრება თავიდან ავიცილოთ”, – ციტირებს მინისტრის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს მიმდინარე გათამაშება 26-ე ტურზე შეჩერდა. მისი განახლება 13 ივნისს იგეგმებოდა, მაგრამ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ხელი მოაწერა ახალ ბრძანებას, რომლის ძალითაც ქვეყანაში 14 ივნისის ჩათვლით ყველა სპორტული ღონისძიებისა და შეჯიბრების ჩატარება აიკრძალა.
გათამაშების სატურნირო ცხრილს ტურინის “იუვენტუსი” 63 ქულით ლიდერობს, რომელსაც რომის “ლაციო” ერთი პუნქტით ჩამორჩება. “ინტერს” 54 ქულა და ლიდერებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.