იტალიის თასი “იუვენტუსმა” მოიგო
რომში მდებარე “სტადიო ოლიმპიკოზე” ტურინის “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის იტალიის თასის ფინალური მატჩი გაიმართა, რომელიც “ბებერი სინიორას” დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი არცთუ ისე მაღალ ტემპში წარიმართა, თუმცა გოლის გატანის შანსი თითო-თითოჯერ ორივე გუნდს მიეცა, ორივე შემთხვევაში მეკარემ ივარგა. ტაიმი უგოლოდ მიილია.
მატჩის მეორე ნახევარი განსხვავებული სცენარით წარიმართა, “იუვენტუსმა” ტემპს უმატა, “მილანს” კი უმეტესად თავდაცვა უწევდა, თუმცა “როსონერის” მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ უხეში შეცდომები დაუშვა, რასაც გოლებიც მოჰყვა. ანგარიში 56-ე წუთზე მეჰდი ბენატიამ გახსნა, რომელმაც კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი შეაგება და მილანელთა კარში ზუსტად გადაგზავნა. ზუსტად ხუთ წუთში დუგლას კოსტამ დაურტყა დონარუმას, ამ უკანასკნელმა რეაგირება კი მოასწრო, თუმცა ბურთი ვერ შეივარგა და “იუვეს” უპირატესობა გაიზარდა – 2:0. 64-ე წუთზე იმავე დონარუმამ მორიგი შეცდომა დაუშვა, რომელსაც თავით დაურტყეს, მას ბურთი გაუვარდა და იქვე მდგარმა ბენატიამ დუბლი შეასრულა. 76-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ნიკოლა კალინიჩმა ავტოგოლი ჩაიწერა და საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა – 4:0.
“იუვენტუსმა” იტალიის თასი ზედიზედ მეოთხედ, არსებობის განმავლობაში კი მე-13-ედ მოიგო.
იტალიის თასი
ფინალი
“იუვენტუსი” — “მილანი” 4:0 (0:0)
გოლები: ბენატია 56′, 64′, დუგლას კოსტა 61′, კალინიჩი 76′ (ავტოგოლი).