იცის თუ არა ლეო მესიმ ინგლისური ენა?
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ლეო მესი, დიდი ალბათობით, კატალონიას დატოვებს. არგენტინელ სუპერვარსკვლავს კლუბის შეცვლა ზაფხულშიც უნდოდა და ამას არც მალავდა.
როგორც იცით, ლეოს “მანჩესტერ სიტიში” ტრანსფერთან აკავშირებენ, სადაც მისი ძველი მეგობარი, პეპ გვარდიოლა, მუშაობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ლეო მესი და პეპ გვარდიოლა გაერთიანების შემთხვევაში კიდევ ერთხელ შეძლებენ მსოფლიოს დაპყრობას.
თუმცა, არსებობს ერთი საინტერესო კითხვა, რომელსაც პასუხი უცხოენოვანმა გამოცეამ Goal-მა გასცა – იცის თუ არა ლეო მესიმ ინგლისური ენა?
საიდუმლო არავისთვის არის, რომ ქვეყნის, კლუბის და გარემოს შეცვლა არაერთ წინააღმდეგობასთან და გამოწვევასთან არის დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, თუ ენას არ ფლობ.
“ბარსელონას” ლეგენდას მთელი ცხოვრება არგენტინასა და ესპანეთში აქვს გატარებული, სადაც სახელმწიფო ენა ესპანური გახლავთ. ლეო მესი კატალონიურ ენასაც ფლობს, თუმცა არა – ინგლისურს. “ბარსელონას” თილისმას ინგლისურ ენაზე რამდენიმე ფრაზის გაგება შეუძლია, თუმცა კარგად მხოლოდ ესპანურ და კატალონიურ ენაზე საუბრობს.
არაინგლისელი ფეხბურთელები ინგლისურ ენას იმ კლუბებში ყოფნისას სწავლობენ, სადაც ინგლისური დომინანტი ენაა. მაგალითისთვის, კრიშტიანუ რონალდუმ ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის დროს ისწავლა.
კრიშტიანუმ იხუმრა კიდეც, რომ 2016 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე მესისა და ნეიმარს უთარგმნიდა, რადგანაც არცერთმა მათგანმა არ იცოდა ინგლისური ენა – “დაჯილდოვების ცერემონიამდე მე მათი თარჯიმანი ვიყავი და ვუთხარი, რომ საფასური უნდა გადაეხადათ.”
მართალია, მესი ინგლისურ ენას ვერ ფლობს, თუმცა მისმა მეუღლემ, ანტონელამ, საკმაოდ კარგად იცის ეს ენა.
2019 წელს 11 წლის ფანი მაკკენზი ო’ნილი მესის ოჯახს ანტიგუაში შეხვდა, სადაც ისინი სანაპიროზე ისვენებდნენ. მესიმ მაკკენზი თავის ვაჟ ტიაგოსთან სათამაშოდ დაპატიჟა.
ჟურნალისტებმა პატარა ბიჭს მალევე მიაგნეს და ინტერვიუც აიღეს – “მესის მეუღლე უთარგმნიდა ჩემ ნათქვამს, ის ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობს. შემდეგ მე მესისთან ერთად ვცურავდი და ერთად ძალიან კარგ დრს ვატარებდით.
ლეო ისე იქცეოდა, როგორც ყველა ნორმალური მამა. ისიც გავაანალიზე, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას იღებდა, როდესაც მისი ვაჟი სხვა ბავშვებთან ერთად ერთობოდა. ამ შეხვედრას არასოდეს დავივიწყებ.”