იუბილარი რუნი – ხუთი კარიკატურა
დღეს „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ უეინ რუნის 28 წელი შეუსრულდა. Fanebi.Ge გთავაზობთ იუბილარის კარიკატურულ გალერეას.
მეტსახელად შრეკი:
საინტერესოა, პირველმა ვინ შეადარა რუნი შრეკის. ალბათ, ამას ვერასდროს გავიგებთ. ერთი რამ ფაქტია, ინგლისელს ეს მეტსახელი მოუხდა, განსაკუთრებით ფანებში იყო გავრცელებული რუნის შრეკთან შედარება. თმის ტრანსპლანტაციის შემდეგ, უეინს უფრო ნაკლებად ამსგავსებენ ანიმაციურ პერსონაჟს.
„სარკევ, ვინ არის ყველაზე ლამაზი?“
რუნისა და კრიშტიანო რონალდუს განსხვავებულ წლებში ჰქონდათ „მანჩესტერ იუნაიტედში“ დებიუტი. ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ვარსკვლავი. რონალდუ – გლამურული პერსონა. იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით რუნიზე. ომარ მომანის ცნობილ კარიკატურაზე კლუბის გასახდელია გამოსახული. იმ დროს, როდესაც ალექს ფერგიუსონი დაფაზე ჯვარსა და ნოლიანს ხატავს (ნეტავ რატომ?), რონალდუ სარკეში საკუთარ თავს უღიმის. პორტუგალიელ ფეხბურთელს გვერდით რუნი უზის, რომელსაც სრულიად განსხვავებული გამომეტყველება აქვს. სხვათა შორის, ეს კარიკატურა რეალობას მოკლებული სულაც არ გახლავთ. რუნი თავის ერთ-ერთ წიგნში ასეთ რამეს წერს: „ყოველი შეხვედრის წინ ის ამგვარ ცერემონიალს აწყობდა: იცვამდა ფორმას, ბუცებს და იყურებოდა სარკეში. ასეთი თავდაჯერებული ადამიანი ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს“.
ვირივით ჯიუტი
მიმდინარე წლის 22 სექტემბერი: „მანჩესტერ სიტი“ თანაქალაქელ „იუნაიტედს“ ანგარიშით 4:1 ანადგურებს. თუ დევიდ მოიესის გუნდი იმ მატჩში ზარმაც ვირს შეადარეს, მანუელ პელეგრინის „სიტი“ მოედანზე მორბენალ უსწრაფეს ცხენს ჰგავდა. „იუნაიტედის“ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც მეტოქის კართან ჯიუტად ქმნიდა მომენტებს, ეს სწორედ რუნი გახლდათ.
ახალგაზრდა მელოტი
ერთ მშვენიერ დღეს რუნი მიხვდა, რომ მისი ასაკისთვის ზედმეტად მელოტი იყო და თმის გადანერგვა გადაწყვიტა. ინგლისელი ფეხბურთელის თქმით, ეს სიამოვნება 20 ათასი ფუნტი დაჯდა. და აი, რუნი კლავ დამშვენდა თმით, თუმცა არც ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
ბეწვზე გადარჩენილი
ამ გალერეას ვიდეო აგვირგვინებს. ამ სცენამ, რომელშიც რუნი მონაწილეობს, ორი წლის წინათ სარეკლამო რგოლების პოპულარული ფესტივალის – „კანის ლომების“ გრან-პრი მიიღო. რგოლში ნაჩვენებია გამოგონილი სათამაშო მომენტები, სუპერვარსკვლავთა წარმატება და უიღბლოთა მარცხი. უეინი არაზუსტ პასს აკეთებს, რის გამოც მის გუნდს მარცხი, რუნის კი ფეხბურთიდან წასვლა ემუქრება. თუმცა, დღევანდელი იუბილარის ისტორია ამ კლიპში ჰეფი ენდით სრულდება.
ბექა დოგრაშვილი