იუბილე: ჯანო ბაგრატიონს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი 4 აპრილს 76 წლის გახდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჯანო ბაგრატიონს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი იუბილარს შინ ეწვია და პირადად მიულოცა დაბადების დღე და სპორტის რაინდის საპატიო წოდების მინიჭება.
„ვულოცავ ბატონ ჯანოს დაბადების დღეს, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ! ასევე ვულოცავ სპორტის რაინდის წოდებას! ჯანო ბაგრატიონი მთელი ცხოვრება სპორტშია, ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სათავეებთან იდგა და წლების მანძილზე მისი პრეზიდენტიც გახლდათ”, – განაცხადა ლევან ყიფიანმა.
„მიუხედავად იმისა, რომ საპატიო წოდებები თუ სხვადასხვა ჯილდოები ადრეც მიმიღია, ქართული სპორტის რაინდის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ ხალხმა ამ ჯილდოს ღირსად მიმიჩნია. მსურს მადლობა გადავუხადო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და მის ხელმძღვანელებს ამ გადაწყვეტილებისთვის”, – განაცხადა ბატონმა ჯანომ.
ჯანო ბაგრატიონი წარმატებული ხელბურთელი გახლდათ, რომელმაც თბილისის „ბურევესკინის” შემადგენლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო და რამდენჯერმე ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ხელბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იყო მწვრთნელი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის კათედრის გამგე, თბილისის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მოადგილე.
1996-2004 წლებში ჯანო ბაგრატიონი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახლდათ, 2004 წლიდან კი სეოკ-ის საპატიო პრეზიდენტია.
ჯანო ბაგრატიონი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, ღირსების და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენებით, არის სპორტის საპატიო ოსტატი, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი და თბილისის საპატიო მოქალაქე.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური