“იუნაიტედი”: ჩიჩარიტო მიდის, სამიზნეზე პატო და მანეა
როგორც ჩანს, “წითელ ეშმაკებს” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე აქტივობა ჯერ არ დაუსრულებიათ.
Telegraph-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობა “საუთჰემპტონიდან” სადიო მანეს გადაბირებას ცდილობს, რომელის ტრანსფერიც, სავარაუდოდ, ოცი მილიონი გირვანქა სტერლინგი დაჯდება. ამავდროულად, მანჩესტერელები ხავიერ ერნანდესის გაშვებას გეგმავენ, რომლის შეძენის კანდიდატადაც ლევერკუზენის “ბაიერი” ითვლება.
ჩიჩარიტოს წასვლის შემთხვევაში, “იუნაიტედის” შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სუფთა ფორვარდი, უეინ რუნი დარჩება. მანამდე გუნდი რობინ ვან პერსიმ და რადამელ ფალკაომ დატოვეს.
მანეს გარდა, მანჩესტერელები თავდასხმის გაძლიერების კიდევ ერთ ვარიანტს განიხილავენ. ეს ალექსანდრე პატოა, რომელიც ამჟამად ბრაზილიური “კორინთიანსის” ღირსებას იცავს.
შეგახსენებთ, გასული სეზონი ხავიერ ერნანდესმა მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა. თუმცა, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობაზე მაღალი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო.