იურაი იარაბეკი: “აგრესიული და ლამაზი შეხვედრა გამოვიდა”
დღეს თბილისის “დინამომ” უმაღლესი ლიგის პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა. სტუმრად გამართულ მატჩში, დედაქალაქურმა კლუბმა უგოლო ფრე გააგორა საჩხერის “ჩიხურასთან”.
Fanebi.Com-ი გთავაზობთ იურაი იარაბეკის მატჩისშემდგომ კომენტარს.
“პირველ რიგში, მინდა შევაქო “ჩიხურა” და მისი მესვეურები. მათ ამ ზაფხულზე შესანიშნავი კოლექტივის შეკრება მოახერხეს, რომელიც ახალ სეზონში დიდი ძალა იქნება.”
“რაც შეეხება მატჩს, ორივე გუნდს სამი ქულა უნდოდა. ეს თავიდანვე ეტყობოდა თამაშს. შესაბამისად, კლუბები შემტევ სტილში ასპარეზობას ცდილობდნენ. აგრესიული და ლამაზი მატჩი იყო. ჩვენ ბევრი მომენტი გვქონდა. ვიტყოდი, რომ “დინამო”, ფაქტობრივად, ჰამზიჩის წინააღმდეგ თამაშობდა. რა თქმა უნდა, არ ვამბობ, რომ სხვა მოწინააღმდეგეები არაფერს აკეთებდნენ, მაგრამ უცხოელი მეკარე შეუდარებელი იყო. ამ ყველაფერმა თამაშის შედეგზე იქონია ზეგავლენა.”
“პირველი მატჩი იყო და მოგებით დაწყება გვინდოდა… როცა ეს მიზანი გამოძრავებს, გოლი უნდა გაიტანო. ჩვენ ეს ვერ შევძელით.”
“ბოლოს ვიტყვი, რომ მოედანს ხარვეზები ჰქონდა. შესაძლოა, ეს ჩვენი მოწინააღმდეგის ერთგვარი ხრიკიც იყო (იღიმის, ავტ.). საბოლოოდ, კარგი შეხვედრა გამოვიდა,” – განაცხადა იარაბეკმა.