იურგენ კლოპი: “არც ისე კარგი ვარ, რომ ავირჩიო რომელ ტიტულს მოვიგებ”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა უეფას სუპერთასზე, “ჩელსის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე სტამბოლში, “ვოდაფონ არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.
“ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვინდა. “მანჩესტერ სიტისთანაც” და “ნორვიჩთანაც” კარგი თამაშები ჩავატარეთ. თამაშები ჩვენი კონტროლით მიდიოდა. ხვალ რთული შეხვედრა გველის. ხვალინდელი ფინალისათვის ყველანი მზად ვართ. ჯერ არ ვიცით, ვინ ითამაშებს ან საერთოდ როგორ ვითამაშებთ.
“ჩელსი” სუპერთასის მატჩისათის 100 პროცენტით მზად იქნება და მეტოქეს ჩვენც მზად უნდა დავხვდეთ. ტიტულის მოგება ნებისმიერ კლუბს სურს.
ჩვენ ერთადერთი გუნდი არ ვართ, რომელსაც გრძელი სეზონის გამო გადაღლილობა აქვს. რა თქმა უნდა, პრობლემები ჩვენც გვაქვს, ბევრი არა, მაგრამ ცოტა. ხვალინდელი ღამე ჩვენთვის ტიტულის მოგების კიდევ ერთი შანსია. “ჩელსის” ახალი, სწრაფი და ახალგაზრდული გუნდი ჰყავს. ხვალ ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი მატჩია.
მე ვიცი, რა მნიშნელობა აქვს სტამბოლს “ლივერპულისათვის”, 2005 წლის ფინალის გამო. ახლა ჩვენი გუნდი მაშინდელისაგან განსხვავდება. სტამბოლი ფეხბურთის სათამაშოდ ყოველთვის კარგი ადგილია.
დრო მოვიდა ქალმა მსაჯებმაც მიიღონ ასეთი დონის მატჩებში მუშაობით გამოცდილება. გერმანიაში მაღალ დონეზე მომუშავე მსაჯები უკვე გვყავს. ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ქალი მსაჯები უეფას სუპერთასის მატჩზე მოიწვიეს.
სამწუხაროდ, არც ისე კარგი ვარ, რომ ავირჩიო რომელს მოვიგებ – პრემიერ ლიგას თუ ჩემპიონთა ლიგას. გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, რაც სასიხარულოა”, – განაცხადა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ “ლივერპული”-“ჩელსის” დაპირისპირება 14 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
სპეციალურად სტამბოლიდან, Fanebi.Com