იურგენ კლოპი: “ყველაზე კარგად გერმანულ ფეხბურთს ვიცნობ, მაგრამ ეს დიდ უპირატესობას არ იძლევა”
“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრის შესახებ კომენტარი გააკეთა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელებს მეტოქედ მიუნხენის “ბაიერნი” ერგოთ.
“ყველამ ვიცით, რომ “ბაიერნს” დიდებული სტადიონი აქვს და არენაზე საოცარი ატმოსფერო იქნება. ჩვენს ქომაგებს ნამდვილად კარგი მოგზაურობა ელით, მიუნხენი მშვენიერი ქალაქია. ფრენას დიდი დრო არ სჭირდება. ყველაზე კარგად სწორედ გერმანულ ფეხბურთს ვიცნობ, თუმცა ეს დიდ უპირატესობას არ იძლევა. საბოლოო ჯამში, ყველაფერს მაინც მოედანზე გასული ბიჭები წყვეტენ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც “ბაიერნთან” დაპირისპირება მიწევდა. ასე რომ, მათთან შეხვედრას მოუთმენლად ველი”, – კლოპის კომენტარი უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
წყვილის პირველი შეხვედრა “ენფილდზე”, 19 თებერვალს ჩატარდება, განმეორებით მატჩს კი “ალიანც არენა” 13 მარტს მიიღებს.