იური სიომინი: “ხვიჩასთვის ნიდერლანდების ჩემპიონატი ყველაზე შესაფერისია”
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და მისთვის ყველაზე შესაფერისი ევროპული ქვეყნის ლიგა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ სიომინი ქართველ ფეხბურთელს მოსკოვურ გუნდში 2019 წელს წვრთნიდა.
“ხვიჩას ევროპის წამყვან ჩემპიონატში თამაში შეუძლია. ის, რა თქმა უნდა, ძალზედ ნიჭიერია, მაგრამ, ჩემი აზრით, მისი განვითარება თანმიმდევრობით უნდა წარიმართოს. აქედან გამომდინარე, მისთვის ყველაზე მეტად შესაფერისი ნიდერლანდების ჩემპიონატი იქნება, რადგან იქ ფეხბურთელებს იმპროვიზაციის უფლებას აძლევენ, ახალგაზრდები კარგ ოსტატებად ყალიბდებიან, მით უფრო – შემტევი ფეხბურთელები. თუმცა, სავსებით შესაძლებელია, ის სხვა ჩემპიონატებშიც გაიხსნას.
მისი სატრანსფერო ფასი არ ვიცი, ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად შეწვდებიან მას ნიდერლანდური კლუბები, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ თანხა საკმაოდ სერიოზული იქნება. ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ უნდა გადაიხადო კიდეც. ხვიჩა არც ჩვენს ჩემპიონატში ცდება უქმად. ის აქ გაიზარდა ფეხბურთელად და პიროვნებად. რუსეთის ჩემპიონატმა მას ბევრი რამ მისცა”, – ციტირებს სიომინის სიტყვებს “რია”.
ქართველი ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელია დარწმუნებით ამბობს, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მისი შვილი რუსეთის ჩემპიონატს დატოვებს, თუმცა “რუბინის” სპორტული დირექტორი ოლეგ იაროვინსკი გუნდში ხვიჩას დარჩენას არ გამორიცხავს.