იური სიომინმა კვარაცხელიასთვის შესაფერისი ქვეყნების ჩემპიონატები დაასახელა
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა იმ ქვეყნების ჩემპიონატები დაასახელა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის “რუბინის” ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლა უფრო მეტად იქნება მიზანშეწონილი.
“არ ვიტყოდი, რომ “მილანი” მისთვის უფრო ძლიერი გუნდია. ვფიქრობ, ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში ადგილს უფრო იოლად მოიპოვებს, ვიდრე ეს “ატალანტაში” მირანჩუკმა მოახერხა, მაგრამ იტალიის ჩემპიონატი ძალიან რთულია. ჩემი აზრით, მას ესპანეთის პრიმერადივიზიონი ან ნიდერლანდების ჩემპიონატი უფრო მოუხდება. ამ ქვეყნებში უფრო მეტად შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ქართველ ფეხბურთელს მთელი თავისი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცემა, თუმცა ბევრია დამოკიდებული თავად გუნდზეც. საერთო ჯამში, ყველაფერი ხვიჩას ხელშია. ის მაგარი და შეუპოვარი ბიჭია. ვფიქრობ, მას ყველაფერი გამოუვა”, – სიომინის კომენტარს RT აქვეყნებს.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა “რუბინის” ფორმით 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა მიითვალა.