“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა
ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელებმა 30 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებთან უკვე გამართეს მოლაპარაკება.
წყაროს თანახმად, ნეიმარის მომავალი პარიზში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რითაც “იუვენტუსი” აპირებს სარგებლობას, თუმცა ტურინელებს ბრაზილიელის ფინანსური მოთხოვნები აშინებს.
გავრცელებული ინფორმაციით, “პარი სენ-ჟერმენი” სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვას გეგმავს და ამ მიზნით კლუბიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებს. ნეიმარს პარიზში წლიურად 50 მილიონი ევრო ეძლევა და ის გუნდიდან გაშვების ერთ-ერთი კანდიდატია.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი “პსჟ”-ში 2017 წელს “ბარსელონადან” გადავიდა. ტრანსფერის ღირებულებამ 222 მილიონი ევრო შეადგინა, რაც ამ დრომდე სარეკორდო თანხაა. მხარეებს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის ზაფხულამდე აქვს.