“იუვენტუსი” 621 წუთია არ უშვებს, რეკორდამდე სულ ცოტა დარჩა
ტურინის “იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში “მონაკო” მშრალი ანგარიშით, 0:2 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გასვლა თითქმის გაინაღდა.
ზედიზედ ექვსი მატჩია, რაც “ბებერი ქალბატონი” ჩემპიონთა ლიგაზე გოლს არ უშვებს. 6-დან 5 მატჩი კი პლეიოფის ეგიდით იყო გამართული.
ბოლოს იტალიის ჩემპიონმა ლიგაზე გოლი “სევილიასთან”, ჯგუფურ ეტაპზე გამართული მატჩის მე-9 წუთზე გაუშვა (3:1). მას შემდეგ კი გუნდმა 621 წუთი ითამაშა.
6-დან მხოლოდ ერთ მატჩში მიეცა ჯიჯი ბუფონს დასვენების საშუალება, როდესაც მასიმილიანო ალეგრიმ ნეტოს მისცა თამაშის უფლება.
შედეგად, ტურინული კლუბი მესამე გახდა, რომელმაც პლეიოფში ზედიზედ 5 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა “მილანისა” (2004/05) და “არსენალის” (2005/06) შემდეგ.
რეკორდი კი სწორედ “არსენალს” ეკუთვნის, რომელმაც პლეიოფის ზედიზე 6 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა. ასე რომ, ტურინში გასამართი მატჩში ჯიჯის ამ რეკორდის დამყარების შანსიც ექნება.