“იუვენტუსი” ამ ზაფხულს პოგბას არ გაუშვებს
ფრანგი ნახევარმცველი იტალიის მოქმედ ჩემპიონთა შემადგენლობაში კიდევ მინიმუმ ერთ სეზონს გაატარებს.
Sky Italia-ს ინფორმაციით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პოლ პოგბას თაობაზე მოლაპარაკებებს არ გამართავს. ტურინელებმა ფრანგის წარმომადგენელსა და თავად ფეხბურთელს განუცხადეს, რომ ამ ზაფხულს სამუშაო ადგილის შეცვლაზე საუბარი აღარ იქნება.
მოგეხსენებათ, პოგბას მიმართ დიდ ინტერესს რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბი, მათ შორის “მანჩესტერ სიტი”, ლონდონის “ჩელსი”, მადრიდის “რეალი” და “ბარსელონა” იჩენდა. თუმცა ტურინელები არტურო ვიდალისა და ანდრეა პირლოს გაშვების შემდეგ კიდევ ერთი ნახევარმცველის დაკარგვას აღარ აპირებენ.
შეგახსენებთ, ადრე “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ კლუბმა პოგბას თაობაზე შემოსული 80 მილიონ ევროიანი წინადადება უარით გაისტუმრა.