“იუვენტუსი” მაისურზე სამ ვარსკვლავს იბრუნებს
ტურინის “იუვენტუსმა” მომავალ სეზონში შესაძლოა, მაისურზე სამი ვარსკვლავი დაიბრუნოს.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს იტალიურ ფეხბურთში აგორებული კორუფციული სკანდალი იმით დასრულდა, რომ ტურინულ კლუბს 2005 და 2006 წლების საჩემპიონო ტიტულები ჩამოართვეს და სერია B-ში დააქვეთეს. ტურინში ამ დრომდე მიიჩნევენ, რომ მათ ტიტულები უსამართლოდ ჩამოართვეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციასა და “იუვენტუსს” შორის შექმნილი ეს აზრთა სხვადასხვაობა კლუბის გერბს ზემოთ ვარსკვლავების რაოდენობის გამოსახვის დროსაც ქმნიდა პრობლემებს.
კერძოდ, აქამდე “იუვენტუსს” გერბს ზემოთ სამი ვარსკვლავის გამოსახვას უკრძალავდნენ, თუმც ტურინელებს ორი ვარსკვლავის გამოსახვის უფლება ჰქონდათ, რაზეც კლუბში უარი თქვეს და 2012 წელს გერბიდან ვარსკვლავები საერთოდ გააქრეს. ვინაიდან წინა სეზონში გუნდი იტალიის ჩემპიონი 30-ედ ოფიციალურად გახდა, ტურინელებს გერბის ზემოთ სამი საჩემპიონო ვარსკვლავის გამოსახვის უფლება უკვე აქვთ.
“იუვენტუსის” ტექნიკური სპონსორი “ადიდასი” აპირებს, რომ მომავალი სეზონისთვის კლუბის მაისურზე სამი ვარსკვლავი გამოსახოს.