“იუვენტუსი” სტუმრად მადრიდში დამარცხდა

თარიღი: ოქტომბერი 24, 2013

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის ოთხშაბათის შეხვედრების ცენტრალურ მატჩში, მადრიდის “რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” იტალიის მოქმედ ჩემპიონებს უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით სძლია.

ანგარიში მატჩის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ გაიხსნა. გოლის ავტორი კრისტიანო რონალდოა, რომელმაც ანხელ დი მარიას შესანიშნავი გადაცემით ისარგებლა, ბუფონი ტექნიკურად მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა.
წონასწორობა დაახლოებით 18 წუთში აღდგა. ჩაწოდებულ ბურთს პოლ პოგბა გამოეხმაურა, მან კარის მიმართულებით ბურთი თავით გაგზავნა, იკერ კასილასმა ეს დარტყმული მოიგერია, თუმცა ვეღარაფერს გახდა ფერნანდო ლორენტეს მიერ დამატების შემდეგ და ანგარიში გათანაბრდა.
მატჩზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა 29-ე წუთზე დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა, როდესაც ჯორჯო კიელინი სერხიო რამოსს საჯარიმოში ეუხეშა. ჯიჯი ბუფონთან პირისპირ ტრადიციულად რონალდო დარჩა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა და დუბლი შეასრულა.
ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა, მაგრამ ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მეორე ნახევრის დაწყებიდან ოთხი წუთის შემდეგ მოედნიდან “ბებერი ქალბატონის” მესამე ნომერი გააძევეს. ალბათ ამან ტურინელებს ყველანაირი იმედი გადაუწურა.
ამრიგად, სამი ტურის შემდეგ “სამეფო კლუბი” ჯგუფში პირველ ადგილს ცხრა ქულით იკავებს. რაც შეეხება “იუვენტუსს”, ის მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არ იმყოფება, რადგან “გალათასარაიმ” თავისი შეხვედრა მოიგო და ამჟამად თურქები მეორე პოზიციაზე ოთხი ქულით იმყოფებიან და მესამე ადგილზე მყოფ იტალიელებს ორი ქულით უსწრებენ.

“რეალი” 2:1 “იუვენტუსი”

გოლები: რონალდო, 4, 29 (პენ.) — ლორენტე, 22.

“რეალი”: კასილასი, არბელოა, რამოსი, პეპე, მარსელო, ხედირა, ილარამენდი (ისკო, 72), მოდრიჩი, დი მარია (მორატა, 79), ბენზემა (ბეილი, 67), რონალდო.

“იუვენტუსი”: ბუფონი, კასერესი, ბარცალი, კიელინი, ოგბონა (ჯოვინკო, 69), ვიდალი, პირლო (ასამოა, 59), პოგბა, ტევესი, მარკიზიო, ლორენტე (ბონუჩი, 51).

გაფრთხილება: ილარამენდი, მოდრიჩი, რამოსი — ვიდალი, კასერესი.

გაძევება: კიელინი, 49.

სანდრო საპანაძე

მსგავსი სიახლეები