“იუვენტუსის” მორიგი ფრე
უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსმა” ფრე კიდევ ერთხელ ითამაშა, ამჯერად უკვე საკუთარ მოედანზე.
პირველი გოლი მატჩის 36-ე წუთზე დიდიე დროგბამ გაიტანა. კოტ’დიუვარელმა თავდამსხმელმა ჯიჯი ბუფონის მიუტევებელი შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ თამაში უგოლოდ იქამდე მიმდინარეობდა, სანამ თურქების კარში თერთმეტმეტრიანი არ დაინიშნა. ტრადიციულად, ბურთთან არტურო ვიდალი მივიდა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა.
ზუსტად ათი წუთის შემდეგ სტამბოლელთა კარი ქუალიარელამ დალაშქრა. ანდრეა პირლოს მიერ ჩაწორედბულ ბურთს სწორედ იგი გამოეხმაურა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.
მიუხედავად ამისა, იტალიელებს სიხარული არ დასცალდათ. წონასწორობა ძალიან მალე, დაახლოებით ერთ წუთში უმუტ ბულუტმა აღადგინა.
ამრიგად, ტურინელებმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში უკვე მეორე ფრე ითამაშეს, ხოლო “გალათასარაის” პლეი-ოფში გასვლის შანსები კვლავ რჩება.
“იუვენტუსი” 2:2 “გალათასარაი”
გოლები: ვიდალი 78 (პენ.), ქუალიარელა 87 – დროგბა 36, ბულუტი 88,
“იუვენტუსი”: ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი (ლორენტე 68), კიელინი, ლიხტშტაინერი (ისლა 46), პირლო, ვიდალი, პოგბა, ასამოა, ტევესი, ვუჩინიჩი (ქუალიარელა 25).
“გალათასარაი”: მუსლერა, ებუე, შეჯუ, სემიხი (ზანი 26), რიერა (ამრაბატი 60), სელჩუკი, ფელიპე მელო, ჰაკან ბალთა, სნეიდერი (ბულუტი 74), ბრუმა, დროგბა.
გაფრთხილება: მუსლერა, ზანი
სანდრო საპანაძე