“იუვენტუსის” პრეზიდენტი: “აიაქსის” წინაშე ქედს ვიხრით”
ტურინის “იუვენტუსმა” ამსტერდამის “აიაქსთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კრახი განიცადა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ პირველი, ვინც კომენტარი გააკთა, კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი გახლდათ.
“აიაქსმა” სრულად დაიმსახურა მომდევნო ეტაპზე გასვლა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო 5-6 წლის მანძილზე “იუვენტუსი” სტაბილურად გამოდიოდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალებში, გვინდოდა, რომ უფრო წინ წავსულიყავით.
“აიაქსი” არის კლუბი, რომელიც ციკლებზე მუშაობს და ეს ციკლი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. მათ ეს დაიმსახურეს არამარტო ამ მატჩის მოგებით, არამედ წინა თამაშითაც. ეს ის ტურნირია, სადაც ნახევარმა საათმა, შესაძლოა, ან ტიტული მოგეგებინოს, ან გაგაგდოს.
სადაცაა ზედიზედ მერვე “სკუდეტოს” მოვიგებთ და ეს ექსტრაორდინარული რამ არის. “იუვენტუსი” უეფას რეიტინგში 43-ე იყო, ახლა კი მეხუთეა. ასე რომ, ჩვენ წინ მივიწევთ.
“აიაქსმა” უდიდესი პრობლემები შეუქმნა “ბაიერნს” და “რეალიც” გამოაგდო. მათ წინაშე ქედი უნდა მოვიხაროთ. მათ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც გერბს ასახელებენ.
როგორც ზაფხულში ვთქვით, ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა და მუდამ ასე იქნება. სეზონის ბოლოს დავსხდებით და ყველაფერს გავაანალიზებთ,” – აცხადებს ანიელი.