“იუვენტუსმა” და “ტოტენჰემმა” ფრედ ითამაშეს (ვიდეო)
უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპზე ტურინის “იუვენტუსსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის პირველი მატჩი ჩატარდა. ტურინში გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2:2 დასრულდა. “ბებერი სინიორა” მეორე წუთზე გონსალო იგუაინმა დააწინაურა. არგენტინელმა თავდამსხმელმა მე-9 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით დუბლი გაიფორმა. შეხვედრის 35-ე წუთზე ჰარი კეინმა ერთი ბურთი გაქვითა. ტაიმის ბოლოს იგუაინს ჰეთთრიკის შესრულება შეეძლო, მაგრამ პენალტის შესრულებისას ბურთი ხარიხას გაარტყა.
მატჩის მეორე ნახევარში ლონდონელებმა ანგარიში გაათანაბრეს: 71-ე წუთზე კრისტიან ერიქსენმა საჯარიმო დარტყმით წონასწორობა აღადგინა – 2:2. მატჩი ამავე ანგარიშით დასრულდა და ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება.
წყვილის განმეორებითი მატჩი ლონდონის “უემბლიზე”, 7 მარტს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალური ეტაპი (I მატჩი)
“იუვენტუსი” — “ტოტენჰემი” 2:2 (2:1)
გოლები: იგუაინი 2′, 9′ (პენ) — კეინი 35′, ერიქსენი 71′.
გამოუყენებელი პენალტი: იგუაინი 45+2′.