„იუვენტუსმა“ „ინტერი“ უპრობლემოდ დაამარცხა
იტალიის სერია A-ს XXII ტურის ცენტრალური მატჩი ტურნიში შედგა, სადაც ადგილობრივმა „იუვენტუსმა“ მილანის „ინტერი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა
ვნებათაღელვა მატჩამდე კარგა ხნითა დრე დაიწყო. სტადიონის მიმართულებით მიმავალი „ინტერის“ ავტობუსს გზაზე „ბებერი ქალბატონის“ ტიფოზები ხვდებოდნენ და სხვადასხვა საგნებს ესროდნენ. ამის გამო, არ არის გამორიცხული, „ბიანკონერი“ დასაჯონ კიდეც. რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, თამაში მაღალ ტემპში დაიწყო და მასპინძლებს პირველივე წუთზე ჰქონდათ დაწინაურების შანსი, თუმცა კარლოს ტევესს სტუმართა კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ახლო მანძილიდან ორჯერ აუღო. მე-16 წუთზე ტურინელებმა მაინც გაიტანეს: ანდრეა პირლომ საჯარიმოში გენიალური პასი გაუკეთა უყურადღებოდ დარჩენილ სტეფან ლიხტშტაინერს და ამ უკანასკნელმაც ახლო მანძილიდან თავური დარტყმით ჰანდანოვიჩის კარის ბადე პირველად შეარხია — 1:0. ვერ ვიტყვით, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „ინტერი“ უპირატესობას დაეუფლა, პირიქით – „იუვენტუსის“ შეტევები უფრო მწვავედ გამოიყურებოდა. პირველი ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე „ინტერმა“ კარგი კონტრიერიში მოაწყო, როდესაც „იუვენტუსის“ ორი ფეხბურთელი სტუმართა გუნდის სამი მოთამაშის წინააღმდეგ აღმოჩნდა, თუმცა მეკარესთან ფაქტობრივად ერთი ერთზე გასულმა როდრიგო პალასიომ ბურთი კარს ააცილა. მატჩის პირველი ნახევარი „ბებერმა ქალბატონმა“ მინიმალური უპირატესობით მოიგო.
მეორე ტაიმი კვლავ „იუვენტუსის“ აქტურობით დაიწყო და ამან შედეგი დებიუტშივე გამოიღო: ამჯერად გოლი კუთხურს მოჰყვა, რომლის მოწოდების შემდეგაც მილანელებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ მოახერხეს და შეტევაში წასულმა ჯორჯო კიელინიმ ახლო მანძილიდან ჰანდანოვიჩი მეორედ დაამწუხრა. სათქმელია, რომ დისკვალიფიცირებული ჯანლუიჯი ბუფონის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური სწორედ კიელინის ჰქონდა მორგებული.
56-ე წუთზე არტურო ვიდალის ჯერი დადგა. „ინტერის“ დაცვა ჩავარდა. მართალია, ახლო მანძილიდან პოლ პოგბას დარტყმული ჰანდანოვიჩმა მოიგერია, მაგრამ ვიდალის დამატებაზე სლოვენიელმა მეკარემ რეაგირება ვეღარ მოახერხა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.
71-ე წუთზე „ინტერმა“ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. გოლიც ამჯერადაც კუთხურს მოჰყვა, რის შემდეგაც ტურინელთა საჯარიმოში შექმნილი არეულობით როლანდომ ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა.
საბოლოო ჯამში, „იუვენტუსმა“ „ინტერი“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა. „ბებერ ქალბატონს“ აქტივში 59 ქულა აქვს და მთელი 9 ქულით უსწრებს მადევარ „რომას“, რომლის შეხვედრაც „პარმასთან“ ძლიერი წვიმის გამო გადაიდო. მეექვსეადგილოსან „ინტერს“ 33 ქულა დარჩა.
იტალიის სერია A
22-ე ტური
„იუვენტუსი“—„ინტერი“ 3:1 (1:0)
„იუვენტუსი“: სტორარი, ბარძალი (კასერესი 63′), ლიხტშტაინერი (ისლა 82′), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ვიდალი, ასამოა, პოგბა, ტევესი, ლორენტე (ვუჩინიჩი 86′).
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
„ინტერი“: ჰანდანოვიჩი, ჟონათანი (დამბროზიო 58′), როლანდო, კამპანიარო, ნაგატომო, ჟუანი, კუზმანოვიჩი (მილიტო 55′), ალვარესი, ტაიდერი, კოვაჩიჩი (ბოტა 66′), პალასიო.
მთავარი მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: ლიხტშტაინერი 16′, კიელინი 47′, ვიდალი 56′ — როლანდო 71′.
გაფრთხილებები: პოგბა 59′ — კუზმანოვიჩი 13′, ალვარესი 73′.
მთავარი მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბექა დოგრაშვილი