“იუვენტუსმა” “ტოტენჰემის” ბარიერი დაძლია (ვიდეო)
ლონდონის “უემბლიზე” “ტოტენჰემ ჰოთსპურსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გაიმართა, რომელიც იტალიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
შეხვედრის პირველი ნახევარი ლონდონელთა უპირატესობით წარიმართა და 39-ე წუთზე ჰონგ-მინ სონმა ანგარიში გახსნა კიდეც, თუმცა მეორე ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: 64-ე წუთზე გონსალო იგუაინმა წონასწორობა აღადგინა, 67-ე წუთზე კი პაულო დიბალამ უგო ლორისის კარში მეორე ბურთი გაიტანა და “ბებერ სინიორას” ორმატჩიან დაპირისპირებაში უპირატესობა მოუპოვა. დარჩენილ დროში მასპინძლები მდგომარეობის შეცვლას ეცადნენ და იტალიელთა კართან შტურმი მოაწყვეს, მაგრამ ტურინელებმა თავის დაცვა მოახერხეს და საბოლოო ჯამში, ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ტურინის “იუვენტუსი” მეტოქის ვინაობას 16 მარტს გასამართ წილისყრაზე შეიტყობს.
ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (განმეორებითი მატჩი)
“ტოტენჰემი” — “იუვენტუსი” 1:2 (ორი მატჩის ჯამში 3:4)
გოლები: სონი 39’— იგუაინი 64′, დიბალა 67′.