“იუვენტუსს” პოგბასა და რემზის დამატება სურს პიანიჩისა და ხედირას გაშვები ხარჯზე
გავლენიანი იტალიური გამოცემა Tuttosport ირწმუნება, რომ “ბებერი ქალბატონი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარას დიდი გეგმებით ელის და მზადაა, გუნდის ნახევარდაცვის ხაზი გამოცვალოს.
როგორც ცნობილი ხდება, “ბიანკონერის” ხელმძღვანელები მზად არიან მირალემ პიანიჩსა და სამი ხედირას შეელიონ, თუ აარონ რემზისა და პოლ პოგბას დამატებას შეძლებენ.
პოგბას “იუვენტუსში” დაბრუნების შესახებ ხმები აქამდეც ვრცელდებოდა. თუმცაღა ჟოზე მოურინიოს “ოლდ ტრაფორდიდან” წასვლის შემდეგ ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნება ტურინში გაცილებით უფრო რთული იქნება. ამიტომაც, ტურინელები ტრანსფერში პიანიჩის ჩართვას გეგმავენ.
რაც შეეხება აარონ რემზის, ამ შემთხვევაში ყველაფერი უფრო მარტივადაა – რემზის “მეთოფეებთან” კონტრაქტი ეწურება და არც გახანგრძლივებას აპირებს. ასე რომ, უელსელი ფეხბურთელის გადაბირებისთვის “იუვეს” მხოლოდ მაღალი ხელფასის შეთავაზება დასჭირდება.