ჯაბა ბრეგვაძე: “გვინდოდა ყველა იმ ქართველს ეამაყა, რომლებმაც დღეს დილით ადრე გაიღვიძეს”
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2019 წლის მსოფლიო თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. “ბორჯღალოსნები” ურუგვაის დაუპირისპირდნენ და მეტოქე 33:7 დაამარცხეს.
მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ განაცხადა, რომ მოთამაშეებმა ურუგვაისთან მოგება უნდა დაივიწყონ და ფიჯისთან შეხვედრაზე გადაერთონ. ასევე, მან ქართველ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
“ჩვენ ბევრი ვიშრომეთ. ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა. მატჩამდე ვისაუბრეთ და გვინდოდა, დღეს ყველა ქართველი ამაყი გაგვეხადა. გვინდოდა ყველა იმ ქართველს ეამაყა, რომლებმაც ჩვენ სამშოლობში დღეს დილით ადრე გაიღვიძეს და ამ შეხვედრას უყურეს. ახლა ეს გამარჯვება უნდა დავივიწყოთ, ძალები აღვიდგინოთ და მომდევნო მატჩისათვის მოვემზადოთ, რადგან ჯერ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია”, – განაცხადა ჯაბა ბრეგვაძემ.
ამის შემდეგ, დღევანდელ მატჩში გუნდის კაპიტანმა ტრიბუნებზე მყოფ ქართველ ქომაგებს ქართულად მიმართა: “დიდი მადლობა ყველა ქართველს, ვინც აქ ჩამოვიდა და ასე გვერდით დაგვიდგა. დიდი მადლობა იმ ქართველებს, ვინც გვიგულშემატკივრა საქართველოდან. ეს მათთვის გავაკეთეთ. გვინდოდა, რომ ჩვენ ამაყები ვყოფილიყავით მოედანზე, რომ ამაყები გაგვეხადა ჩვენი ერი.”
🗣 Réaction de Jaba Bregvadze, capitaine de @GeorgianRugby après sa victoire sur l'Uruguay (33-7) : "On a travaillé dur pour rendre fiers les Géorgiens…"#GEOvURU #RWC2019 pic.twitter.com/a3MXVmWRCh
— Rugby World Cup (@RugbyWorldCupFR) September 29, 2019