ჯაბა კანკავა: “ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 34 წლის ნახევარმცველი ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩსა და განვლილ შეხვედრებში წარუმატებლობას გამოეხმაურა.
“ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატებით დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერ მოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა.
12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც. ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.
ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება, და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა ეს მძიმე პერიოდი როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენ ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის”, – აცხადებს კანკავა.