ჯაბა კანკავა და „დნიპრო“ ევროპის ლიგის 1/2 ფინალში გავიდნენ
დასრულდა ევროპის ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის ოთხივე განმეორებითი მატჩი. ერთ-ერთი შეხვედრა დნეპროპეტროვსკში შედგა, სადაც „დნიპრომ“ „ბრიუგე“ მიიღო.
პირველი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, შესაბამისად მატჩი დაძაბული უნდა ყოფილიყო.
თუმცა, შეხვედრა თავიდანვე სანახაობით არ გამორჩეულა. სტუმრებმა მეორე ნომრად თამაში აირჩიეს. პირველ ნახევარში „დნიპროს“ შეტევები უკრაინელთა სასარგებლოდ ვერ სრულდებოდა – მასპინძლები მხოლოდ ბანალური გადაცემებით და სუსტი დარტყმებით გამოირჩნენ. პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კონოპლიანკას ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა ბურთი მეტოქის კარს სულ მცირე მანძილის ასცდა. თამაში პირველი ტაიმის სცენარით კიდევ დიდ ხანს მიმდინარეობდა. შეხვედრის ბოლოს მასპინძლებმა ზეწოლას მოუმატეს. ერთ-ერთ ეპიზოდში რუსლან როტანმა ცენტრიდან ბურთი მარჯვენა ფლანგზე ევგენი შახოვს გადასცა, რომელმაც მარცხენა ფეხით მეკარისგან შორეულ კუთხეში დაარტყა – მცირე რიკოშეტი და ანგარიშიც გახსნილია!
დარჩენილ დროში სიტუაცია არსებითაც არ შეცვლილა. საბოლოოდ, 1:0 და დნეპროპეტროვსკელები ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირის ნახევარფინალში არიან.
რაც შეეხება „დნიპროს“ ქართველ ლეგიონერს, ჯაბა კანკავას, მან ამჯერად 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, გოლის გატანამდა ერთი წუთით ადრე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
„დნიპრო“ – „ბრიუგე“ 1:0
გოლი: შახოვი 82′
„დნიპრო“: ბოიკო, ფედეცკი, დუგლასი, ჩერებიაჩკო, მატოსი, კანკავა, როტანი, ლუჩკევიჩი (გამა 90+1), ბეზუსი (შახოვი 46′), კონოპლიანკა, სელეზნევი (კალინიჩი 72′)
„ბრიუგე“: რაიანი, დე ფაუვი, დუარტე, მეხელე, დე ბოკი, ბორმერი, სიმონსი, სტორმი (ვიქტორ ვასკესი 86′), რაფაელოვი, დე სუტერი (ულარე 70′), იოსკიერდო (დირკსი 86′)
გაფრთხილებები: როტანი, კანკავა – ულარე
სხვა მატჩების შედეგები:
„ფიორენტინა“ – კიევის „დინამო“ 2:0 (3:1 ორი მატჩის ჯამში)
„ნაპოლი“ – „ვოლფსბურგი“ 2:2 (6:4)
„ზენიტი“ – „სევილია“ 2:2 (3:4)