ჯაბა კანკავა: “რეიმსის” დატოვების შემდეგ კარიერის გაგრძელება პრიმერადივიზიონში შემეძლო”
ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კარიერის გაგრძელება ყაზახურ “ტობოლში” გადაწყვიტა. მხარეებს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა. კანკავამ ყაზახ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემოთავაზება ესპანეთის პრიმერადივიზიონიდანაც ჰქონდა.
“ამ კონტრაქტით დიდად აღფრთოვანებული არ ვარ, მაგრამ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ “ტობოლი” საუკეთესო ვარიანტი იყო.
რამდენიმე ალტერნატივა მქონდა, თუმცა კონტრაქტის დადებისას ყურადღებას ბევრ ფაქტორზე ვამახვილებდი, მათ შორის ფინანსურ მომენტზეც. თურქეთიდან არავინ დამკავშირებია, მაგრამ ვიცოდი, რომ საუბარი იყო ორ თურქულ კლუბზე. “ანჟიმაც” გამოთქვა დაინტერესება.
იტალიური ვარიანტი არ მქონია. როდესაც “რეიმსი” დავტოვე, კარიერის გაგრძელება პოლონეთსა და ესპანეთში შემეძლო, მაგრამ ვერ შევჯერდით. საუბარია პრიმერადივიზიონის კლუბზე, მაგრამ გარკვეული შემაფერხებელი ფაქტორები იყო, რაზეც საუბარი არ მინდა.
საფრანგეთში თამაშისას ვერ ვიფიქრებდი, რომ რამდენიმე თვეში ყაზახეთში აღმოვჩნდებოდი, მაგრამ ასე გამოვიდა. “ტობოლში” ნიკა კვეკვესკირის ყოფნა ადაპტაციის პერიოდს მნიშვნელოვნად მიადვილებს. სწორედ ნიკას საშუალებით გამოვიდნენ ყაზახები ჩემთან კონტაქტზე. გადამწყვეტი გამოდგა კონტრაქტი, რომელიც ამ ეტაპზე ჩემთვის დამაკმაყოფილებელია, მათ შორის ფინანსური მხარეც.
ხელშეკრულება “1+1” სისტემით გაფორმდა, მაგრამ რეალურად ერთწლიანი კონტრაქტია, ვინაიდან სეზონის ბოლოს მხარეებმა თანამშრომლობის გაგრძელება უნდა დაადასტურონ, თუ კლუბისთვისაც და ჩემთვისაც ყველა პუნქტი იქნება მისაღები. ამიტომ ვამბობ, რომ ერთწლიანი ხელშეკრულებაა.
“რეიმსის” ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი არ მქონია. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და მათ გუნდში ჩემი დატოვება სურდათ, მაგრამ მეორე ლიგაში თამაში არ მინდოდა. ხელმძღვანელებს არც ვუმალავდი, რომ თუ ჩემთვის შესაფერისი ვარიანტი არ გამოჩნდებოდა, კარიერის დასრულებისთვისაც მზად ვიყავი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა მზად ვარ, მინიმუმ კიდევ ერთი წლით ვითამაშო”, – აღნიშნა ჯაბა კანკავამ sports.kz-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.