ჯაბა კანკავას ოლეგ გუსევის სიცოცხლის გადარჩენისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა
დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან ოლეგ გუსევს დაეხმარა, კიდევ ერთხელ დააფასეს.
ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩის წინ დნეპროპეტროვსკელთა ქართველ ლეგიონერს უკრაინის სახელმწიფო სამსახურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჯილდო კანკავას გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბუტკოვსკიმ გადასცა.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „დნიპრომ“ მეტოქე მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 75-ე წუთზე სელზნიოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, რასაც, სამწუხაროდ უჩა ლობჟანიძეზე და ალექსანდრე კობახიძეზე ვერ ვიტყვით, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
ამ გამარჯვებით „დნიპრომ“ უკრაინის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.
დნეპროპეტროვსკელთა შემდეგი მეტოქე „ვოლინი“ იქნება, რომელთანაც გუნდი 15 აპრილს მე-19 ტურის გადატანილ მატჩს ითამაშებს.
ალექსანდრე მატევოსოვი