ჯაბა უგულავა: “ბოლნისში სტაბილური სიტუაციაა”
ბოლნისის მუნიციპალიტეტი 23 მარტის შემდეგ ჩაკეტილია და კორონავირუსით ყველაზე მეტი დაინფიცირებული სწორედ ბოლნისიდან არის. ჯაბა უგულავა “სიონის” კაპიტანია და გუშინწინ გუნდის ხელმძღვანელობასთან და თანაგუნდელებთან ერთად 40 ოჯახს სასურსათო პაკეტით დაეხმარა. Fanebi.com ჯაბას დაუკავშირდა და კარანტინზე, თვითიზოლაციაზე, “სიონზე” და ეროვნულ ლიგაზე ესაუბრა.
– საქართველოში ყველაზე მეტი დაინფიცირებული ბოლნისს ჰყავს. როგორი სიტუაციაა ქალაქში?
– დიახ, გეთანხმებით. ბოლნისს ყველაზე მეტი ინფიცირებული ჰყავს. მყისიერი რეაგირების ხარჯზე ხდება ინფიცირებულების გამოვლენა და მათი კონტაქტების დადგენა. რაც შეეხება სიტუაციას. სტაბილურია და ყველაფერს აკეთებს რაიონის გამგეობა და სამედიცინო პერსონალი ხალხის დასახმარებლად.
– ბოლნისის “სიონმა” 40 ოჯახს საკუთარი სახსრებით სურსათის პაკეტები გადასცა. ფეხბურთელებმა და ხელმძღვანელობამ ერთად გადაწყვიტეთ ამის შესახებ?
– რა თქმა უნდა, ერთობლივი შეთანხმებით მოხდა. მინდა ყველა ფეხბურთელს და გუნდის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო.
– როგორ ვვარჯიშობთ თვითიზოლაციის პირობებში?
– შეძლებისდაგვარად ვცდილობ ფორმის შენარჩუნებას. სახლში ვარჯიშით ეს ნაკლებად გამოდის, მაგრამ მაინც აქტიურად ვცდილობ.
– მოგეხსენებათ, გუნდი გვიან შეიკრიბა და ვარჯიშებიც გვიან დავიწყეთ. პრაქტიკულად ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა ამ შემადგენლობის შეკრება, რომელსაც თავისუფლად შეუძლია ჩემპიონობისთვის ბრძოლა. ამ ორმა თამაშმაც დაგვანახა გუნდის შესაძლებლობა და შეგვიძლია ბოლნისს დავუბრუნოთ ის ადგილი, რაც ეკუთვნის.
– თუ ჩემპიონატი ივლისამდე ვერ განახლდა, როგორი ფორმატით უნდა ჩატარდეს ეროვნული ლიგა 2?
– ამ თემასთან დაკავშირებით მე ნაკლებად კომპენტენტური ვარ. ფედერაცია იმსჯელებს და გაგვაცნობს ყველას ჩემპიონატის გაგრძელების ფორმატთან დაკავშირებით, თუმცა მე მაინც ვფიქრობ, სჯობს 2-წრედ ჩატარდეს. 4 წრის ჩატარებას საკმარისი დროის უქონლობის გამო ვერ მოვასწრებთ.
– ეროვნული ლიგის თითქმის ყველა კლუბში ხელფასები შემცირდა. რა შეთანხმებას მიაღწიეთ ხელმძღვანელობასთან?
ბოლნისის “სიონის” ხელმძღვანელობის და გუნდის სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, გუნდს ე.წ. ქამრების შემოჭერა არ მოუწია. ხელფასები სრულად გვერიცხება.
– კარანტინიდან გასვლის შემდეგ პირველი რას გააკეთებთ?
– პირველ რიგში, იმ ხალხს მოვინახულებ, ვინც ყველაზე მეტად მენატრება, შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე ვიმოქმედებ. ყველა ექიმს, პოლიციელს, ჯარისკაცს, ვინც წინა ხაზზე იბრძვის ვირუსის დასამარცხებლად, ჩემ უდიდეს პატივისცემას და მადლობას გადავცემ. ყველას მოვუწოდებ, თუ შეუძლიათ, სახლში დარჩნენ.