ჯაბა უგულავა: “რაც შეიძლება მეტი უნდა გავიტანო, რომ ნაკრებიდან დაინტერესდნენ”
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის ბომბარდირი 8 გოლით ბოლნისის “სიონის” თავდამსხმელი, ჯაბა უგულავაა. 27 წლის ასაკში უგულავას საუკეთესო სეზონი აქვს და Fanebi.com-მა მასთან სხვადასხვა საკითხზე ინტერვიუ ჩაწერა.
27 წლის ასაკში შეიძლება ითქვას, რომ კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებ და ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა რომ 11 ტურის შემდეგ ბომბარდირთა დავას 8 გოლით ულიდერებდი. ელოდი ასეთ დაწყებას?
– ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობს მაქსიმალურად წარმატებით ჩაატაროს სეზონი. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. გავიარე ნაყოფიერი შეკრება, კარგი ფეხბურთელებიც დავიმატეთ და ჩემს წვლილს, ალბათ, ყველა ხედავს. ვცდილობ მაქსიმალური წარმატება მოვუტანო გუნდს.
– როგორ ფიქრობ, რაიმე კომპონენტში განსაკუთრებულად მოუმატე თუ უბრალოდ ეს შენი სეზონია?
– ყველაფერმა ერთად იჩინა თავი. ვარჯიშის მომატებამ, გამართლებამ, ყველაფერთან ერთად და ალბათ, ჩემი სეზონია ნამდვილად.
– შეიძლება ითქვას, რომ “სიონს” ძალიან კარგი თავდასხმა და შეტევითი ხაზი ჰყავს, დაბალანსებული ნახევარდაცვა, გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებული დაცვა. რა მიზანს ისახავს გუნდი ?
– თავიდანვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, გუნდშიც კარგი ბირთვი იყო და შესაბამისად, ქულებშიც აისახა ეს ყველაფერი. თუნდაც “ტორპედოსთან” და “დინამოსთან” არავინ ელოდა ჩვენს გამარჯვებას და გავიმარჯვეთ. ასე, რომ, “სიონის” მიზნები უფრო მაღალი უნდა იყოს და არა მხოლოდ ეროვნულ ლიგაში დარჩენა.
– გასულ წლებთან შედარებით, ვითარდება ქართული ფეხბურთი და გაამართლა თუ არა ეროვნული ლიგის ფორმატმა?
– რა თქმა უნდა, გაამართლა და დღითიდღე ვხედავთ, რომ უფრო საინტერესო ხდება ქართული ფეხბურთი. წლებინ წინ ამდენ ხალხს სტადიონებზე ვერ ნახავდით და ახლა ძალიან სასიამოვნოა, რაც ბოლნისში, ბათუმში, ქუთაისში ხდება და ბევრი ქალაქია, რომელშიც ფეხბურთი წინა პლანზე გადმოვიდა. იმედია, ეს ყველაფერი ასე გაგრძელდება. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქართველ გულშემატკივარს ვინც გვერდში გვიდგას და გვეხმარება წარმატებაში.
– საინტერესოა, რომ ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების გამოძახება ნაკრებში პრაქტიკულად არ ხდება. ნაკრებს თავდასხმაში საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს და თუ გააგრძელე შედეგიანად თამაში, ელოდები ნაკრებიდან დაინტერესებას?
– მსოფლიოში არცერთი ფეხბურთელი არ მეგულება, ვისაც თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში არ უნდოდეს. შესაბამისად, მეც მაქვს სურვილი ჩემი ქვეყნის ნაკრებში ვითამაშო და ეს ძალზე სასიხარულო იქნება. თუ დაინტესდებიან, რა თქმა უნდა, სიხარულით შევხვდები ამ წინადადებას. ჩემს სეზონს რაც შეეხება, რაც შეიძლება მეტი გოლი უნდა გავიტანო რომ ეს მოხდეს.
– და ბოლოს. ჩემპიონთა ლიგაზე ბოლო 2 ნახევარფინალური სასწაულებრივი ქამბექებით დასრულდა. რომელ გუნდს გულშემატკივრობდი?
– “აიაქსს” ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ალბათ უფრო გამოცდილების ბრალია მათი ბოლო წამზე წაგება. არაუშავს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და მათ გასაოცარი და ულამაზესი ფეხბურთი გვაჩვენეს.