ჯანლუიჯი ბუფონის პირველი კომენტარი “რეალთან” წაგებული მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, მადრიდის “რეალთან” განცდილი დასანანი მარცხის (0-3) შემდეგ ჯანლუიჯი ბუფონმა პრესასთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია.
“ვნახეთ, თუ რას წარმოადგენს რონალდუ და რა შეუძლია მას. ის უმაღლეს დონეზე იმყოფება ლეო მესისთან ერთად და ისინი უმაღლეს მწვერვალებს იპყრობენ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი მარადონასა და პელეს დონეზე იმყოფებიან.
შეცდომები ყველას შეიძლება მოუვიდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უძლიერეს გუნდს ეთამაშები, ჩემპიონს, რომელიც დიდ ზეწოლას ახორციელებს შენზე.
ძალიან იმედგაცრუებული ვარ და ამავდროულად სინანულსაც ვგრძნობ, რადგანაც დიდი ალბათობით, ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგა დასრულებულია. თუმცაღა, როცა ასეთ ძლიერ მეტოქეს ხვდები, უნდა აღიარო, რომ ის უფრო ძლიერია,” – აცხადებს ლეგენდარული იტალიელი მეკარე.