ჯანო ანანიძე: “ჩავთვალე, რომ ეს უნდა მეთქვა…”
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “კრილია სოვეტოვის” ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა
“მოგესალმებით ყველას. ჩავთვალე, რომ ეს უნდა მეთქვა.
ახლოვდება ახალი საფეხბურთო სეზონი. სანაკრებო თამაშები ახლოვდება, ჩემი ოფიციალური დებიუტიც ახალ კლუბში. სულ ცოტა დარჩა და იმ ტანჯვას, რაც გადავიტანე შედეგი უნდა მოჰყვეს. საკმაოდ დიდი დრო გამიცდა ტრავმების გამო. ვერ ვითამაშე ნაკრების შემადგენლობაშიც და კიდევ ერთხელ მინდა ნაკრებს ის მნიშვნელოვანი წარმატება მივულოცო, რომელსაც ეროვნულმა გუნდმა მიაღწია. იმედია, მომდევნო შესარჩევ ციკლშიც შევძლებ ნაკრების გამარჯვებებში ჩემი წვლილის შეტანას.
იმ რთული პერიოდის მანძილზე, რომელიც გამიცდა, ბევრისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა და გვერდში დგომა ვიგრძენი, რისთვისაც ყველას მადლობას გიხდით. ამ ხნის მანძილზე ჩემთვის ბევრს მოუმართავს თხოვნით და მეც ბევრისთვის მითხოვია დახმარებაც, კონსულტაციაც და რჩევაც. თუმცა, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ნებისმიერ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ჩემს უახლოეს ადამიანებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ვიღებ. ბევრ საკითხს თავად ვწყვეტ, ინდივიდუალურად, ისე, როგორც მე მიმაჩნია სწორად და ჩემი თხოვნა იქნება, რომ თუკი აქამდე ვინმესთვის გარკვეული კითხვით, თხოვნით ან უმნიშვნელო დახმარებისთვის მომიმართავს, ნურავინ ჩათვლით, რომ ან დამოკიდებული ვარ თქვენზე, ან რომელიმეს გარეშე რაიმე პრობლემის გადაჭრა შეუძლებლად მიმაჩნია.
დღეს ჩემი მთავარი საფიქრალი მოახლოებული ახალი საფეხბურთო სეზონი და სანაკრებო თამაშებია, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენგან გვერდში დგომას და მხარდაჭერას ისევ ვიგრძნობ.
ყველას დიდი მადლობა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისათვის”, – ვკითხულობთ ანანიძის განცხადებაში.