ჯანო ანანიძე: “მინდა, ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი განვმარტო”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. “კრილია სოვეტოვის” ფეხბურთელი ბოლო დღეეის მის შესახებ გავრცელებულ ამბავს გამოეხმაურა.
როგორც იცით, ჯანომ 23 მარტს შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, რის შემდეგაც ის გუნდს ირლანდიაში აღარ გაჰყვა.
“მოგესალმებით. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩემ გულშემატკივრებსა და მხარდამჭერებს გვერდში დგომისათვის და ყველა იმ ადამიანს, ვისგანაც ძალიან დადებითი და თბილი გზავნილები მივიღე შვეიცარიელი ფეხბურთელისათვის გაწეული იმ მცირე დახმარებისათვის, რომელიც მინდორზე აღმოვუჩინე.
მინდა განვმარტო ირლანდიაში ჩემი არყოფნის მიზეზი, რადგან ამ ვითარებამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. საქმე ისაა, რომ შვეიცარიასთან თამაშის შემდეგ ნაოპერაციები მუხლის ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ოდნავ გასიებულიც იყო. ამის თაობაზე ვესაუბრე ნაკრების ექიმს და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხანგძლივი გადაფრენებისაგან თავი შემეკავებინა და გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, უკეთესი იქნებოდა რამდენიმედღიანი პაუზა ამეღო. 23 მარტის შემდეგ 6 დღე გავიდა და ამიტომ გადავწყვიტე დღეს მეთამაშა, თუმცა სრულად მაინც არ ჩავამთავრე მატჩი.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძველი ტრავმები თავს აღარ შემახსენებს, ბოლომდე მოშუშდება და ბოლომდე დავიხარჯები როგორც ნაკრებისთვის, ისე გუნდისთვის. მადლობა ყველას მხარდაჭერისათვის”, – ვკითხულობთ ანანიძის განცხადებაში.