ჯანო ანანიძე: “სპარტაკი მუდამ ჩემ გულში დარჩება!”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკი” დატოვა. კლუბში გატარებული 11 წლის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.
ჯანო ანანიძემ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და “სპარტაკს” გამოემშვიდობა:
“დღეს მოსკოვის “სპარტაკთან” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გავწყვიტე. შევთანხმდით, რომ ამ სიტუაციაში ეს სწორი გადაწყვეტილებაა. უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ 11 წლის წინ ჩემი და მოსკოვის “სპარტაკის” გზები გადაიკვეთა. ამ წლების განმავლობაში ჩემ კარიერაში იყო კარგი და ცუდი მომენტები. “სპარტაკი” ჩემი სახლი გახდა და ყველაზე რთულ მომენტებში მხარდაჭერას ვგრძნობდი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ 11 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად იყო: ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ პერსონალს და კლუბში დასაქმებულ ადამიანებს. ყველას არ ეძლევა იმის საშუალება, რომ ისეთი დიდი კლუბის მაისური მოირგოს, როგორიც “სპარტაკია”. ამავდროულად, ვგრძნობდი “სპარტაკის” ფანების მხარდაჭერას, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ! დიახ, მე მივდივარ, მაგრამ “სპარტაკი” მუდამ ჩემ გულში დარჩება!” – წერს ანანიძე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას 27 წლის ფეხბურთელი.